“ურთიერთგამომრიცხავი განცხადების შეფასება ძალიან მიჭირს”, — ასე შეაფასა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფაერიძემ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.
“ოთხი პარტია შევჯერდით განცხადების ირგვლივ, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ცესკოს შედეგები ჩვენთვის პრაქტიკულად გაყალბებული შედეგებია, აქედან გამომდინარე, ვაპირებთ იგივე კურსი გავაგრძელოთ, არ ვაპირებთ პარლემენტში შესვლას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და მზად ვართ ამასთან დაკავშირებით დიალოგზე. ამასთან მოვუწოდეთ ჩვენს მხარდამჭერებს თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს რაიმე ფიზიკურ კონტაქტს პოლიციელბთან, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე პროვოკაციები, ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგმას მას ჩვენ გავემიჯნებით”, — განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, თუმცა, იგი ახალი არჩევნების ჩატარებას უნდა ეხებოდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.
“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – ამბობს ვაშაძე.
მის განცხადებას თავად მის პარტიაშიც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგ ვაშაძემ განცხადების დამატებითი განმარტება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მოქალაქეების პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.