ელისაშვილი: დიდუბის 27-ე უბანზე 30 ბიულეტენი ფაქტობრივად ნაგავში გადაყრილი იპოვეს

394

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დიდუბის 27-ე უბანზე გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 30 ხმა დააკლეს. მისი თქმით, ბიულეტენები ფაქტობრივად “ნაგავში გადადგებული ოპოვეს”.

“სასამართლომ საია-ს საჩივარი დააკმაყოფილა და დიდუბის 27-ე უბნის გადათვლა დაავალა საოლქოს. გაგიკვირდებათ, და “მოქალაქის” 30 ბიულეტენი იპოვეს ფაქტობრივად ნაგავში გადაგდებული. შედეგების ოქმში ეწერა 2 ხმა, არადა 32 ხმა ჰქონდა აღებული “მოქალაქეს” ამ უბანზე!” – წერს ალეკო ელისაშვილი.

ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებზე განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ კომისიებმა 1 941 საჩივრიდან 1 027 არ განიხილეს. ამის მიზეზად ისინი პროცედურების დარღვევასა და სამართლებრივ შეუსაბამობას ასახელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.