პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს

512

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღების ინიციატივა 87-ხმით, ერთხმად მიიღეს.

ამასთან, როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას ითქვა, ის ძალაში 2022 წლის ბოლოდან შევა. მანამდე კი კომპანიონი ცხოველების თაობაზე სპეციალური კანონი მომზადდება და იქნება მიღებული.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ – გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000 ლარით; იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 3000 ლარით. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან გამოკვეთილი და სწორი ხედვა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით.

“ასეთი მუხლი არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც კრძალავს შინაური ცხოველის მიტოვებას, მათდამი სასტიკ და უდიერ მოპყრობას. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები შეტანილი უნდა იყოს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. სხვა საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას კონკრეტული დათქმებით. მთავარი დათქმა ის არის, რომ კანონი კომპანიონი ცხოველების შესახებ, რომლის მიღებაც დაგეგმილია, უნდა ამოქმედდეს ამ ცვლილებებთან ერთად იმისთვის, რომ კანონი აღსრულების ნაწილში იყოს ეფექტური“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.