ომბუდსმენი სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან

344

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, პატივი სცენ პარლამენტის წინ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

“დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან”, – ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი, ასევე, მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად

22 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შვიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომლის თანახმადაც, 22 საათის შემდეგ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა.

ამის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის “სირცხვილია” ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყო. მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები აცხადებენ, რომ მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ, იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი ხელისუფლების მიერ სპეციალურად აქციებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან.

ცოტა ხნის წინ აქციაზე პოლიციამ მოძრაობის სამი აქტივისტი დააკავა. დაკავებულები არიან გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი. მათი დაკავება ტერიტორიაზე შეშის შეტანის მცდელობას მოყვა.

როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დღეს 18:00 საათზე განახლდა. მოთხოვნები უცვლელია – თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

დღევანდელ აქციაზე ოპოზიციამ სამოქმედო გეგმაც გამოაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ გააცნო. მისი თქმით, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.