ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მზად არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს

406

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

როგორც ლომჯარიამ ცესკოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს.

“როდესაც ხდება აქციის მონაწილეების მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევები თუ მართლწესრიგის დარღვევა პოლიციას წარმოეშობა ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება იმ შემთხვევაში, თუ ის იცავს ამ ძალის გამოყენების სტანდარტებს. ეს გამოიხატება იმით, რომ უნდა მოხდეს აქციის მონაწილეების გაფრთხილება შესაძლო ძალის გამოყენების და მისი მეთოდების თაობაზე. ასევე მან უნდა გამოიყენოს პირველ რიგში ყველაზე ნაკლებად ე.წ. შემზღუდველი მეთოდები. უნდა მოხდეს ინდივიდუალური კერების განეიტრალება, შესაძლებელია ეს მოხდეს ინდივიდუალური დაკავებები სამართალდარღვევების, თუმცა, წყლის ჭავლის გამოყენება უფრო მეტად მიმართულია ფართო მასაზე, როლებიც მასობრივად არღვევენ წესრიგს და იყენებენ ძალას. ვფიქრობ, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჭავლის გამოყენება, როცა ასეთ ვითარებას არ ჰქონდა ადგილი იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაითვალისწინოს ეს საკითხები. პირველ რიგში მივმართავ ხელისუფლებას და მმართველი ძალის წარმომადგენლებს გადადგან შემხვედრი ნაბიჯები იმისთვის, რომ პოლიცია არ დარჩეს მხოლოდ მოქალაქეების პირისპირ. ამ კრიზისს სჭირდება პოლიტიკური გამოსავლის პოვნა და პოლიტიკოსებმა უნდა გადადგან ნაბიჯები რომ დაიწყოს პოლიტიკური პროცესი. უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი და განხილვა, გახსნა, გადათვლა და საჩივრების სწორად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხილვა.

დღეის მდგომარეობით იქედან გამომდინარე რომ მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით მშვიდობიან აქციას, იქედან გამომდინარე, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დააფიქსირეს მზაობა პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყების, ვფიქრობ ამ მიმართვას არ მოჰყოლია ადეკვატური და გულწრფელი ნაბიჯები მმართველი პარტიის მხრიდან. ასე ჩვენ ყოველდღიურად მივიღებთ უფრო დამძიმებულ ვითარებას და უფრო დიდ კრიზისს, რაც საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ამიტომ დღეს შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას, რათა მათ დროულად გადადგან თანმხვედრი ნაბიჯები მოლაპარაკებების დაწყებისკენ და აიღონ პასუხისმგებლობა რომ იმ საჩივრებზე, რომელიც არსებობს მოხდება სამართლებრივი რეაგირება,- განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფორმატის შერჩევა შესაძლებელია და პირველ რიგში მზაობა ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან უნდა იყოს.

“დღეს მე დავინახე ასეთი მზაობა ოპოზიციურ სპექტრში, ვერ დავინახე შესაბამისი მზაობა ხელისუფლებაში. თუმცა, იმედია, რომ ისინი აცნობიერებენ პასუხისმგებლობას და რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც არიან მზად პოზიტიური როლი შეასრულონ ამ ვითარებაში. თუ იქნება სურვილი, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის, ჩემი პირადი სურვილია ამ პროცესში მაქსიმალურად პოზიტიური როლი შევასრულო”,- განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.