“საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური, მაგალითად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, ბათუმს უნდა ჰყავდეს – თავისი,” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„საქართველოში უნდა ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები, საქართველოში უნდა იყოს მიღებული მედიაკოდექსი. ახლა ცდილობენ, რომ დამოუკიდებელი მედია მოკლან. ვთქვათ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ სათამაშო ბიზნესი არ გვინდა, თუმცა, ეს არის ბლეფი. სათამაშო ბიზნესის „ბოსები“ არიან ესენი და დანარჩენი უბრალოდ, ჩრდილში წავლენ. ეს უკრაინაში მაქვს ნანახი და ვიცი, როგორ გამოიყურება. ვთქვათ, ეს სათამაშო ბიზნესი მიიღეს, ავტომატურად, კაპიკ-კაპიკ უნდა აუნაზაღაურდეს ყველა დამოუკიდებელ მედიას ზარალი, რომელსაც ის მიიღებს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური, მაგალითად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, ბათუმს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერფი და მაშინ არ მოხდება ისე, როცა ბათუმში ვიღაცების დასარბევად ოზურგეთიდან ჩაჰყავთ სპეცრაზმი. უნდა იყოს ისეთი სისტემა, როდესაც ხელისუფლებაში იქნება სტაბილური კოალიცია თავისი გარანტიებით, სადაც ვერავინ ვერავის „გადააგდებს“ და ერთმანეთს გააკონტროლებენ. რაც მთავარია, მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმართება. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.