შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები – ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყება შეაფასა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ხელისუფლებას პრობლემა სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით შეუქმნას.
„შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ ვთქვა, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს. ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს და თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით. ვფიქრობ, ეს გზა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისითაც უფრო ეფექტიანი იქნება. თუმცა, პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ სტრატეგიას მიმართავენ“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.