„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი,ს ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებისას 7 ათასამდე ადამიანი იყო მისული, აქციის დასასრულს კი 2500-იდან-3000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.
ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს მგონი, ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი – აქციაზე, პიკზე იყო 7 ათასამდე ადამიანი და ამ ადამიანების რაოდენობა წამზომის გამორთვამდე, რაც თავისთავად საინტერესო მოვლენა იყო, შემცირებული იყო დაახლოებით 3 ათას კაცამდე, შეიძლება 2500 კაციც იდგა იმ დროისთვის აქციაზე. ეს იყო რეალურად აქციის მონაწილეთა რაოდენობა. მათ სჭირდებათ ხოლმე აქციის დასრულების დროს გასასვლელი და ეს გასასვლელი მათთვის აღმოჩნდა ცესკო. მივლენ ცესკოსთან, მერე დაიშლებიან და არ ვიცი, როგორ გააგრძელებენ. დღეს ყველაფერი გამოჩნდა ამ აქციით, ქართველმა ხალხმა მყარად დაადასტურა არჩევნების იმ შედეგების მიმართ ნდობა, რომელიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა, როცა მილიონამდე ქართველმა მოქალაქემ მხარი დაუჭირა იმ კურსს, რომელიც აღებულია. ეს არის დასავლური კურსი, განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის კურსი. ეს განსხვავებული იყო 2012 წლამდე და შემოვაბრუნეთ ჩვენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.
ამ დროისთვის მომიტინგეები ცესკოსკენ მიემართებიან.