თამარ კორძაიას განცხადებით, საოლქო კომისიებმა 344 საჩივარი განუხილველად დატოვეს

371

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიამ” 22 სარჩელი შეიტანა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 344 შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხი უნდა დამდგარიყო.

“მოგეხსენებათ, რომ დღეს და ხვალ იწურება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჩივრების განხილვასთან მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა. ჩვენი სარჩელების რაოდენობა არის 22, მაგრამ ეს რიცხვი არ არის საბოლოო, ამასთან დაკავშირებით ხვალაც გვაქვს ვადა. ამ 22 სარჩელით გასაჩივრებულია 166 განკარგულება და ამ 166 განკარგულებაში ჩვენ 344 საჩივართან დაკავშირებით არის მიღებული გადაწყვეტილება. ანუ გასაჩივრებულია ჩვენი საჩივრები, რომლებიც განუხილველად დატოვა საოლქო კომისიებმა სრულიად უკანონოდ. ეს უკანონობა ყოველგვარ ზღვარს ცდება და მე იმედი მაქვს სასამართლო იგივე გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებებს. ხელისუფლების თვითნებობა ყოველგვარ ზღვარს გასცდა. საჯაროდ გამოვუფენთ ყველა დაუსაბუთებულ და კანონდარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ხელისუფლებამ გაწყვიტა კავშირი საკუთარ ამომრჩევლებთან. ეს გადაწყვეტილებები აჩვენებს ერთ რამეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ხელისუფლება არ აპირებენ ბიულეტენების გადათვლას, თუმცა გადათვლასაც არ აქვს აზრი იმდენად მასშტაბურად არის გაყალბებული, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი საჩივრების 344 რაოდენობაზე და ეს არ არის საბოლოო რიცხვი, ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ 344 შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხი უნდა დამდგარიყო. ძალადობაზე გადასული ხელისუფლება არ აპირებს დათმობაზე წასვლას, ამიტომ თუ ხელისუფლება არ მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, კვირას მოქალაქეები მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გააგებინებენ ხელისუფლებას საკუთარ ხმას”, – განაცხადა კორძაიამ.