სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საარჩევნო პროცესის დამკვირვებლების გამოკითხვა მიმდინარეობს. დამკვირვებლების ადვოკატის, გიორგი გოგინავას განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მიზეზით დაიბარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფები გამოკითხვაზე.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არიან დაბარებული. თუ რასთან დაკავშირებით, გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია “ანტიკორუფციული საბჭოს” წევრები, რომლებიც ახორციელებდნენ არჩევნებზე დაკვირვებას. ამ ეტაპზე ვახორციელებ სამი პირის: კახა ლომთათიძის, რეზო ბარამიძის და იოანე ქერქაზიას დაცვას. რამდენი ადამიანი ჰყავს გამოძიებას დაბარებული, ჩემთვის უცნობია”,- აღნიშნა ადვოკატმა.
გამოკითხვაზე იმყოფება კიდევ ერთი პირი, აკაკი გურჯიშვილი, რომელიც სამგორში, 41-ე უბანზე იმყოფებოდა დამკვირვებლად.
“სამგროში 41-ე უბანზე ვიყავი დამკვირვებელი. სავარაუდოდ, იმის გამო ვარ დაბარებული, რომ ვიყავი დამკვირვებელი, მქონდა ჩემი ფუნქციები: პერიმეტრი მეკონტროლებინა, რომ არ ყოფილიყო დარღვევები, აყალმაყალი, ჩხუბი. ამერიკის მხარდამჭერთა ლიგიდან ვარ დამკვირვებლად. შესაბამისი აკრედიტაციაც მაქვს ცესკოდან”, -განაცხადა მან.
გურჯიშვილის თქმით, ის დევი ჭანკოტაძეს არ იცნობს.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიას საარჩევნოდ მობილიზებული ჰყავდათ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სუს-მა გამოძიება დაიწყო.