კობახიძე: სააკაშვილი, შაშკინი, ჭანკოტაძე – სუს-ს რევოლუციურ სცენარზე ინფორმაცია მივაწოდე

373

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. რევოლუციური სცენარის შესახებ გამოკითხვისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია მიაწოდა. სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიებას დაუსახელა ინფორმაციის წყარო და მიხეილ სააკაშვილის ე.წ. “რევოლუციური სცენარის” შინაარსი. კობახიძე ამბობს, რომ ლიდერების გვარებიც დაასახელა.

“რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური დესტრუქციული ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ, ასევე, რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან დავასახელებდი, მაგალითად, დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც ჩართული ამ სცენარის განხორციელებაში. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა”, — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მას სუს-იდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს ეხებოდა.

„დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში, “ნაცმოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისზე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მე დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი, ასევე წარვადგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის, რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა.

მაშინ ვთქვით, რომ შექმილი იყო ჯგუფები, ე.წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც იყვნენ მათ შორის ყოფილი ძალოვნები, მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომლებიც გამოჩნდა არჩევნების დღეს, ადამიანები შეიარაღებულები გადაადგილდებოდნენ, მათ შორის ჰქონდათ ელექტროშოკები და ა.შ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, რაც არჩევნების დღეს დადასტურდა კიდეც“, – განაცხადა კობახიძემ.