ჩვენ მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან მიმართებაში, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა სწორედ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების შეჩერებაა.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან მიმართებაში, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად და არ გამოვიყენოთ ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, სწორედ ეს არის დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავს.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ადასტურებენ, რომ ამ პარლამენტს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, რადგან „ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას“.