არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ „ე.წ. პარლამენტში არ შევლენ“

383

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

მათი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ძალადობის პირობებში ჩატარდა და მისი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ ის პარტიებიც, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება.

ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.

ამიტომ, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ „დე იურე“ და „დე ფაქტო“ არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.

ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკო-ს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება“, – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “პატრიოტთა ალიანსი”; “გირჩი”; “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები”; “ლეიბორისტული პარტია”; “ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”;  “პარტია სამართლიანობისათვის”; ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო; “რესპუბლიკური პარტია”; “თავისუფალი დემოკრატები”; “სუბიექტი “თავისუფლება”, “გოგი წულაია – თავისუფალი საქართველო”; “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.