სახალხო დამცველი შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. ომბუდსმენის ცნობით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს COVID-ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც.
ომბუდსმენი მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციებს საარჩევნო ადმინისტრაციებს, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად მოსახლეობის მობილობას.
ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ოპოზიციური პარტიები პერმანენტულ აქციებსაც გეგმავენ.
6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.
ქვეყანაში სულ კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა.