მერებო, მოემზადეთ, თქვენ თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიცვლებით!

5316

წინა სტატია

დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. ასე გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომელიც არად დაგიდევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირი – მერი არჩევითია და მას პარტია არ ნიშნავს.

გიორგი გურასპაშვილის საკითხი წინა კვირას პარტიის ცენტრალურ ოფისში გადაწყდა. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ მერსა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შორის კონფლიქტი ვერ მოგვარდა. კონფლიქტის მიზეზი ის არის, რომ ზაალ (ზაზა) დუგლაძე პირველივე ტურში მაჟორიტარი ვერ გახდა.

მოკლედ, პარტიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ კონფლიქტის ორი მონაწილიდან ერთ-ერთი უნდა წავიდეს. ჰოდა, აბა, დუგლაძე სად წავიდოდა, როცა, როგორც პარტიაში ამბობენ, ჯერ არც კი მოსულა, თანაც, ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორის წასვლა ასე მარტივი საქმეა?! ამიტომაც გადაწყდა – ვინც უკვე მოსულია, ის უნდა წავიდეს.

ამავე თემაზე: რატომ წყვეტს ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორი და მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მერის გადადგომის საკითხს?!

პირველადი ვერსიით, ხაშურის მერთან ერთად, თანამდებობა მის პირველ მოადგილეს, ზვიად ქურდაძესაც უნდა დაეტოვებინა. იმიტომ კი არა, რომ ამ თანამდებობაზე ცუდად მუშაობდა, ან საერთოდ ვერ მუშაობდა, არა! იმიტომ, რომ მერის მოვალეობის შემსრულებლის საკითხიც პარტიას გადაეწყვიტა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, თუ მერი ვადაზე ადრე გადადგება, მისი მოვალეობის შესრულება პირველ მოადგილეს უნდა დაეკისროს. იმისათვის, რომ მოვალეობის შემსრულებელი პარტიის მიერ გადაწყვეტილი პირი გახდეს, დამკვიდრებული პრაქტიკით, სქემა ასე მუშაობს: პირველი მოადგილე მერის წასვლამდე წერს განცხადებას და მიდის. მერი მის ადგილზე ნიშნავს პარტიის მიერ შერჩეულ კანდიდატს. შემდეგ თავად წერს განცხადებას და უკვე ახალდანიშნული პირველი მოადგილე ხდება მერის მოვალეობის შემსრულებელი. ასე მოხდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, იმ მერების შემთხვევაში, ვისაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან წასვლა აიძულეს.

გასულ კვირას პარტიაში სწორედ ამ მოვალეობის შემსრულებელზე მსჯელობდნენ. გურასპაშვილმაც წინა კვირას სწორედ ამიტომ არ დაწერა განცხადება – მისი მოადგილისთვის გამოსატან ვერდიქტს ელოდებოდა.

ქურდაძემ თანამდებობა შეინარჩუნა, თუმცა, არავინ იცის, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებამდე, თუ მანამდე შეიცვლება. გასულ წელს პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა მერის მოვალეობის შემსრულებელი, კანონის სრული უგულვებელყოფით, მერის ახალი მოვალეობის შემსრულებლით ჩაანაცვლეს. სხვათა შორის, ეს ახალი ე.წ. მ/შ 31 ოქტომბერს, რიგგარეშე არჩევნებით, იმავე მუნიციპალიტეტის მერი გახდა.

ყველაზე მთავარი ამბავი კი ის არის, რომ, როგორც ჩანს, ხაშურის მერი ბოლო არ იქნება, ვინც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე თანამდებობას გამოემშვიდობება.

“ქართული ოცნების” გეგმით, მერები, რომლებიც, პარტიის ლიდერთა აზრით, ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას (ცხადია, პირველ რიგში, პარტიის მიერ დაკისრებული მოვალეობა იგულისხმება), ვადაზე ადრე უნდა წავიდნენ, თანაც, იმდენად ადრე, რომ მათ ნაცვლად დანიშნული მოვალეობის შემსრულებლები “სიტუაციას მოერგონ” და თვითმმართველობის არჩევნებისთვის კარგად მოემზადონ.

სავარაუდოდ, “ქართულ ოცნებაში”, პირველ რიგში, იმ მერების საკითხს გადახედავენ, რომელთა მუნიციპალიტეტებშიც 31 ოქტომბერს მეორე ტურის აუცილებლობა დადგა. ასეთი კი, თბილისის გარდა, 9 მაჟორიტარულ ოლქში შემავალი 22 მუნიციპალიტეტია. მათგან ერთს, ბათუმს, ისედაც მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ამიტომაც მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობის შემსრულებელი, ალბათ, არ დაინიშნება; მეორეს – ქუთაისს – მერიაში პასუხისმგებელი პირი თითქმის აღარ შემორჩა და მოვალეობის შემსრულებლებით ძლივს გააქვს თავი. მერის რიგგარეშე არჩევნებში კი მმართველი პარტიის კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვა და მეორე ტურს ელის. ჰოდა, მათივე ლოგიკით, ჯერ არმოსულს ხომ ვერ გაუშვებენ?

ჰო, თბილისის მერს რომ არაფერი ემუქრება, ეგ, ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ლოგიკითვე, კალაძემ ყველაზე მეტად წააგო – დედაქალაქის რვავე ოლქში მეორე ტურია. მაგრამ აბა, როგორ? ის ხომ პარტიის ლიდერშიფშია, ვინც მისი დანარჩენი კოლეგების ბედი უნდა გადაწყვიტოს?! ჰო, კალაძე კიდევ იმ ორგანიზაციის პრეზიდენტიცაა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია რომ ჰქვია და წესით, ადგილობრივ თვითმმართველობებს, მათ შორის, ცენტრის/პარტიის უკანონო და უსამართლო ჩარევებისგანაც უნდა იცავდეს, მაგრამ ეს ორგანიზაცია, მისი შექმნის დღიდან მოყოლებული, მხოლოდ მმართველი პარტიის დანამატია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ეს მმართველი პარტია ვინ არის – “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” თუ “მოქალაქეთა კავშირი”.

ბუნებრივია, ხაშურის მერიც და სხვა, უკვე წასული თუ წასასვლელად გამზადებული მერები ამ საკითხზე, ტრაციდიულად, დუმილს ამჯობინებენ. არავინ იცის, რა არის ამ თავმოყვარეობაშელახული დუმილის ფასი. გახსოვთ, ბათუმის ექსმერმა ლაშა კომახიძემ გადადგომისას რომ თქვა? – გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით მივიღეო. ხაშურის მერმაც თქვა დღეს: “სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია”.

ცხადია, დანარჩენი მერების გადაწყვეტილებაც ასე “სახელმწიფოებრივი” და “ყველას ინტერესის გამთვალისწინებელი” იქნება.

საბოლოო ჯამში კი, ეს ვითარება მხოლოდ და მხოლოდ ერთზე მიანიშნებს: არაჯანსაღ ვითარებაზე როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ისე პარტიულ ვერტიკალსა და ზოგადად სახელმწიფოში. რაც მთავარია, ეს მიანიშნებს ამომრჩევლებისადმი სრულ უპასუხისმგებლობაზე, რადგან უკვე გადამდგარ თუ წასასვლელად გამზადებულ მერებსა და მათ პოლიტიკურ გუნდს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობა სწორედ ამომრჩეველმა გამოუცხადა.