სამგორის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა. მისი მტკიცებით, დახლოებით 5 000 ხმა “ქართულმა ოცნებამ” 120 უბნიდან მოიპარა. ლევან ხაბეიშვილი შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს.
“საუბარი არის 5 000-7 000 ხმაზე, რომელიც მოგვპარეს პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც მაჟორიტარულ ოლქში, ისე, დიდი ნაწილი, პროპორციულ არჩევნებშიც. საუბარი არის ათასობით ხმაზე, რომელიც რადიკალურად ცვლის საარჩევნო პროცესებს,” – ამბობს ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოლქის თავმჯდომარე აღიარებს, რომ დარღვევა ათეულობით საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, მათ შორის, N97 უბანზე, სადაც 86 ხმიდან 286 ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატმა, სოზარ სუბარმა, მიიღო.
საოლქო კომისიაში არ შეუშვეს ადვოკატი ბექა ბასილაია, რასაც დაცვის პოლიციასთან ინციდენტი მოჰყვა.
“არ არსებობს ოლქი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ათეულობით უბანზე არ იყოს მსგავსი და უფრო მნიშვნელოვანი დარღვევები. ლევანის ოლქში, მხოლოდ ერთ ოლქში, დაახლოებით 5 000 ხმა არის მოპარული”, – ამბობს ბასილაია.
შეგახსენებთ, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, სამგორის ოლქში მეორე ტურში სოზარ სუბარი და ლევან ხაბეიშვილი გავიდნენ. ხაბეიშვილმა ხმების 39,18% მიიღო.