აქციის მონაწილეები რუსთაველზე ბრუნდებიან, მოქალაქეთა ნაწილი დაშლას არ აპირებს

624

წინა სტატია

სოლოლაკთან მობილიზებულმა ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ისინი მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ.

სოლოლაკში ბიზნეს რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია კვლავ მობილიზებულია.

მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ დათვლილ ხმებს აპროტესტებენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

აქციის მონაწილეები რიგგარეშე არჩევნებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას მოითხოვენ. მათივე თქმით, კონკრეტულ მოთხოვნებს ისინი რამდენიმე დღეეში გააჟღერებენ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათიდან შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.