ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, დმანისის საარჩევნო უბნებში არეულობა იგეგმება. მისი თქმით, დმანისში მოსალოდნელია მდგომარეობის გამწვავება.
“რვა საათის მოახლოებასთან ერთად იძაბება ხელისუფლება და იგრძნობა, რომ ისინი გადადიან ძალდობრივ ქმედებებზე. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დმანისში იგეგმება უბნების ჩაშლა ძალადობრივი ჯგუფების მეშვეობით, რომელსაც კანდიდატი მეშველიანის ძმა ხელმძღვანელობს. მოსალოდნელია დაძაბულობის გამწვავება. მეორე ადგილია მარტვილი, სადაც გაურკვეველი მიზეზების გამო მარტვილში ჩაყვანილია სპეცრაზმის ორი ავტობუსი. გაურკვეველია, რატომ მიყავთ სპეცრაზმის წარმომადგენლები. სავარაუდოდ, ხელისუფლება გრძნობს, რომ წაგებული აქვს იქაც არჩევნები”,- განაცხადა კორძაიამ.
მან ასევე ისაუბრა საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე.
„მნიშვნელოვანი დარღვევა იყო საბურთალოს 48-ე უბანზე, სადაც ჩვენი წარმომადგენელი აპროტესტებდა საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატანას, არსებობს ამისი ვიდეოც. დღეს არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ბიულეტენის გატანის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიულეტენები გამოიყენება “კარუსელის” გასაკეთებლად. ასევე იყო დარღვევა დუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმა უნდა მიეცა 27 ამომრჩეველს. ყუთი დააბრუნეს საათ-ნახევარში, თუმცა ორმა ადამიანმა დარეკა და თქვა, რომ მათთან არ იყო ყუთი მიტანილი. სისხლის სამართლის დანაშაულია ეს, რაც ნიშნავს გაყალბებას. ამის მტკიცებულებები არსებობს და ვთხოვ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება. სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე ნიუ-იორკში მე-8 უბანზე, სადაც კომისიიის წევრი მარინა ხვთისიაშვილი შეტყობინებებს აგზავნის ტექსტით – “უნდა შემოხაზოთ 41”. არსებობს ამისი ფოტო მასალაც. სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება”,- განაცხადა კორძაიამ.