მარნეულში საარჩევნო ყუთს ნომერი შეუცვალეს

406

მარნეულის მეორე საარჩევნო უბანზე ვითარება ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დაიძაბა. მიზეზი ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” დამკვირვებლებს შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საარჩევნო ყუთს ნომერი შეუცვალეს, რაც არჩევნების შედეგებზე მანიპულაციის საშუალებას იძლევა.

საარჩევნო ყუთის გარდა, ოპოზიცის კოორდინატორები და დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს დაზიანებულ ბიულეტინებს აძლევენ იმისთვის, რომ მათი ხმები შემდეგ გაბათილდეს.

მარნეულში უბან-უბან დადის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რომელიც თავდასხმებსა და ძალადობაში ოპოზიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

მარნეულში დღეს დილიდან დაძაბული ვითარებაა. რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი და მაჟორიტარობის კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი ამბობს, რომ ის, რაც დღეს ხდება მარნეულში, დარღვევები, რომელიც ფიქსირდება, მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერზე მიდის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.