ელისაშვილი: ამ წუთებში ცესკო ცდილობს, დაახლოებით 200 000 ხმა მოგვპაროს და ეს ხმები „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისოს

672

„ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს, რომ დაახლოებით 200 000 ხმა მოგვპაროს და ეს ხმები „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისოს“, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო პროცესისას სავარაუდო კანონდარღვევებზე საუბრისას განაცხადა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა, ამ წუთებში ცდილობს, რომ ჩვენ მოგვპაროს დაახლოებით 200 000 ხმა და შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხმები მიითვისოს, ჩვენს თვალწინ, ამ წუთებში მიმდინარეობს ეს უხეში გაყალბების პროცესი. საქმე ეხება გადასატან ყუთებს, საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც თვითონ ვერ ახერხებენ ხმის მიცემას, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში. დილიდან უამრავი ზარი შემოდის ჩვენთან მთელი საქართველოდან და როგორც გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, დარეგისტრირებულები არიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მიუხედავად იმისა, რომ გაიარეს ყველა პროცედურა, რაც წინასწარი რეგისტრაციისთვის იყო საჭირო, მათთან გადასატანი ყუთები არ მიაქვთ. ეს ძალიან საგანგაშო ინფორმაციაა. რადგან უბნები არ დახურულა, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და პირადად თამარ ჟვანიამ ეს ვითარება გამოასწოროს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.