ბორჯომის N1 საარჩევნო უბანთან “ოცნების” კანდიდატის ბანერია გამოკრული

299

„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა N1 საარჩევნო უბანთან განთავსებული „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბანერის გამო, ბორჯომის 36–ე საოლქო კომისიაში საჩივარი დაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„წინასაარჩევნო პერიოდშიც  დავწერეთ საჩივარი, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ კენჭისყრის დღეს ეხებაო. მოვიდა ეს დღე, მაგრამ ბანერი არ ჩამოხსნეს. გარდა ამისა დარღვევებია უბნებზე, აქტიურად ესაუბრებიან და მოუწოდებენ “ოცნების” კანდიდატის მხარდაჭერისკენ. უბნებზე სიებით და სააგიტაციო მასალებით მიდიან. ამას კანონმდებლობა კრძალავს, მაგრამ როგორც ჩანს ეს მათი ხელწერაა. ამ მეთოდებით უნდათ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბაკურ გელაშვილი.

მისივე თქმით, დღეს მათმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა N6 საარჩევნო უბანზეც. ამომრჩეველს, მისთვის განკუთვნილ ხელმოწერის გრაფაში, სხვისი ხელმოწერა დახვდა.

„ასე გვითხრეს, რომ შეგვეშალაო და იმავე გრაფაში მოაწერინეს ამომრჩეველს ხელი“, – ამბობს იგი.

საჩივარი დაწერეს ციხისჯვრის 23–ე საარჩევნო უბანზეც. მისი თქმით, სოფელში მერის წარმომადგენელი ამომრჩევლებს უმოწმებდა ბიულეტენებს და ეკითხებოდა ვის მისცეს ხმა.