“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე აძევებენ.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ასეთი დარღვევები დაფიქსირდა 75-ე, 62-ე, 73-ე და 67-ე უბნებზე.
მისივე თქმით, 72-ე უბნის შესასვლელთან ოცნების აგიტატორები ამომრჩეველთა სიებით დგანან, რითაც კანონს არღვევენ.
“ძირითადად არის დარღვევები, რომელიც ეხება ჩვენი დამკვირვებლების უფლების შეზღუდვას, კერძოდ 41-ე მუხლის დარღვევას და მათ გამოძევებას საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეს არის 75-ე, 62-ე, 73-ე და 67-ე უბნები. ასევე, 72-ე უბანზე ქართული ოცნების აგიტატორები არიან სიებით ზუსტად საარჩევნო უბნის შესასვლელთან და არღვევენ კანონს”, – განაცხადა დეკანოიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 81-ე საარჩევნო უბანზე კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და ამის გამო ამომრჩეველთა ნაწილმა ხმის მიცემა ვერ შეძლო.
“სრული განუკითხაობა იყო 81-ე უბანზე დილიდან. დარღვეული იყო ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმები. საარჩევნო უბანი არის საკმაოდ პატარა, ადამიანებს არ ჰქონდათ დისტანცირების საშუალება და ძალიან ბევრი ამომრჩეველი შესაბამისად გაბრუნდა უკან. ამაზე რამდენჯერმე მივმართეთ საარჩევნო კომისიას, თამარ ჟვანიას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.