“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წვერი, დევი ჭანკოტაძე ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს არჩევნებზე მასთან ერთად წასვლას სთავაზობს, რათა კობახიძემ ნახოს, მათ არანაირი ელექტროშოკები მობილიზებული არა აქვთ. ასე გამოეხმაურა ჭანკოტაძე, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებისთვის ელექტროშოკები აქვს მომზადებული.
“ვპატიჟებ ირაკლი კობახიძეს, რომ არჩევნების დღეს, ანუ ხვალ, დილის რვა საათიდან ბოლომდე იაროს ჩვენთან ერთად, რომ ნახოს რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ. არავითარი აჯანყებები, გადატრიალებები. რაღაცები ელანდება მას და იმედი მაქვს, რომ თავის სიტყვას შეასრულებს და ხვალ რვა საათზე, როცა ქართული ოცნება წავა პენსიაზე, ან სადაც უნდა წავიდეს, გადადგება და აღარ იქნება პოლიტიკაში. მე დაბდებიდან დავდივარ იარაღით, მაგის უფლება მაქვს და კობახიძეს არ შევეკითხები ვატარო მე იარაღი თუ არა”, — განაცხადა ჭანკოტაძემ.
კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციას წინასაარჩევნოდ ხელკეტებითა აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავს მობილიზებული. მან კონკრეტული ოლქებიც დაასახელა, სადაც, მისი თქმით, “პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია”.
“პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული”, — განაცხადა კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
ჟურნალისტების კითხვას, უკვე მიმართეს თუ არა პოლიციას ამ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს გააჟღერეს, კობახიძემ უპასუხა:
“ჩათვალეთ, რომ ჩვენ უკვე საჯაროდ მივაწოდეთ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანიზაციებს”
კითხვას, აქვთ თუ არა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მასალები, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი პასუხობს, რომ აქვთ სიები და ინფორმაცია აღჭურვილობის შესახებ. სხვა მასალებზე მას არ უსაუბრია.