„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრი მირდატ ქამადაძე „ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და მას პოლიტიკურ გვამს უწოდებს.
როგორც მირდატ ქამადაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ საქართველოში ჟურნალისტებს ფარულად უსმენენ.
„პირველ რიგში სამძიმარი უნდა გამოვუცხადო, „ქართული ოცნების” სახელისუფლებო პარტიას, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს კვლავ ხელისუფლებაში და მთავარ სპიკერად პოლიტიკური გვამი შეარჩია.
ბატონო ირაკლი, არათუ განცხადების გავრცელებას გეგმავს ლევან ვარშალომიძე, არამედ წუხელ სპეცოპერაცია ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილი შემოიყვანა საქართველოში. ხვალ გეგმავს კიდევ ერთ სპეცოპერაციას და მეორე მიხეილ სააკაშვილს შემოიყვანს, ზეგ წითელი ხიდიდან მესამე მიხეილ სააკაშვილი შემოჰყავს, უბრალოდ მინდა გითხრა, რომ ეს მხოლოდ შენ იცოდე და არ „გააბაზრო”,- აღნიშნა ქამადაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს.
„დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები – „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და „ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კოვიდ წესების განზრახ დარღვევას და საზღვართან სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს.