საქალაქო სასამართლოში „TV პირველისა“ და მისი ტელეწამყვანის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

355

მაია მამულაშვილმა განაცხადა, თითქოს კახა კალაძემ ტენდერიდან 60 მილიონი ჯიბეში ჩაიდო – უნდა მოვისმინო, რომელი მტკიცებულება გააჩნიათ. ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი წარმოუდგენიათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც „ტვ პირველისა“ და მისი ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელის არსებითი განხილვა იწყება.

როგორც დიმიტრი გაბუნია აღნიშნავს, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

„მაია მამულაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს კახა კალაძემ ტენდერიდან 60 მილიონი ჯიბეში ჩაიდო და ამის თაობაზე არსებობს დოკუმენტაცია. დღეს უნდა მოვისმინო, რომელი დოკუმენტაცია გააჩნიათ და მტკიცებულება. ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი აქვთ წარმოდგენილი. ისინი თავის შესაგებელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩვენ დავეყრდენით საზოგადოებრივ აზრსო, ვიღაცების მიერ გამოთქმულს. ეს ნიშნავს, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. ასევე იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება, მათ უნდა უარყონ ცნობები და პასუხი აგონ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე”,- აღნიშნავს გაბუნია.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, როგორც “TV პირველის” იურისტი, ქეთევან ზანდუკელი აღნიშნავს, ეს არის იერიში კრიტიკული მედიის მიმართ.

“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ეს არის იერიში კრიტიკული მედიის მიმართ, ჩაახშოს თავისუფალი აზრი და ის განცხადებები, რასაც კრიტიკული მედია ემსახურება. ეს არის აშკარა მაგალითი, როდესაც რეაგირება არ მომხდარა თავის დროზე, 1 წლის წინ. მას ჰქონდა საშუალება სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა, ამასთან, ჰქონდა საშუალება შეპასუხება გაეკეთებინა ეთერის საშუალებით”,- აღნიშნავს ადვოკატი.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2022 წლის 20 ივნისს მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს.

კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გასულ მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ “კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.