ენზელ მკოიანი: სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სამველ მანუკიანს თავს ჩემი აქტივისტი დაესხა

582

წინა სტატია

მმართველი გუნდის მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი, მისმა აქტივისტმა, ჰაიკ რსტაკიანმა სცემა. იგი ირწმუნება, რომ აღნიშნულ პიროვნებასთან კავშირი არ აქვს. თავად რსტაკიანი კი აცხადებს, რომ სამსარში მკოიანის გამო დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ენზელ მკონიანი აცხადებს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სამსარში 25 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სამველ მანუკიანთან დაპირისპირება მის აქტივისტს არ მოსვლია. იგი „სამხრეთის კარიბჭესთან ამბობს, რომ პირთან, რომელსაც მანუკიანთან ჩხუბი მოუვიდა, არაფერი აკავშირებს.

„ტყულს ამბობს დეპუტატობის კანდიდატი. მე მსგავსი რამის ჩამდენი არ ვარ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჰაიკ რსტაკიანი არ მინახავს და არც ჩემი მხარდამჭერია აღნიშნული პიროვნება. წარმოიდგინეთ, ბორჯომში ან ზესტაფონში კონფლიქტი და შეკამათება რომ მოხდეს, მე ვარ დამნაშავე? როგორ შეიძლია ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება?! ამ რსტაკიანს პოლიციაში რომ გამოკითხავენ როგორ დაამტკიცებს თავის ნათქვამს?!“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ენზელ მკოიანი.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა ადგილობრივებთან ერთად დალია და შემდეგ იჩხუბა.

„არ იარონ სოფელ-სოფელ, არ დათვრნენ, პოლიტიკოსებზე არ იჭორაონ და ხალხიც არ გაღიზიანდება. რსტაკიანს თავის მშობლიურ სოფელში, ამ ადამიანებთან ერთად უქეიფია, ერთ სუფრასთან ისხდნენ და მერე იჩხუბეს, ეს ჩემი ბრალია?! მე რსტაკიანთან საერთო არაფერი მაქვს, არც ვმეგობრობთ“, – აცადებს მკოიანი.

სოფელ დიდ სამსარში დაპირისპირება 25 ოქტომბერს მოხდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ მას თავს „ქართული ოცნების“ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მხარდამჭერი დაესხა და ეს წინასაარჩევნო პროვოკაცია იყო. საპირისპიროს ამტკიცებენ რსტაკიანები.

აღნიშნული ინციდენტთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭემ“ ფაქტის გადამოწმება 26 ოქტომბერს რსტაკიანებთან სცადა. ჰაიკ რსტაკიანის შვილმა ჩვენთან საუბარში უარყო, რომ დიდ სამსარში სამველ მანუკიანთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ: „მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა“.

27 ოქტომბერს, JNEWS.GE–სთან მიცემულ ინტერვიუში ჰაიკ რსტაკიანმა დაადასტურა, რომ ის ენზელ მკოიანის მხარდამჭერია და სწორედ ამიტომ სცემეს. მას სახეზე დაზიანებებიც აქვს.

იგი იხსენებს, რომ 25 ოქტომბერს სოფლის კლუბში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს ხვდებოდა, ბიძის სანახავად მივიდა. მანუკიანის აქტივისტებმა კი იმიტომ სცემეს, რომ ის ენზელ მკოიანის მხარდამჭერია.

„მკოიანის შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოვედი, მე ვარ შუამავალი სამსარის მოსახლეობასა და ენზელ მკოიანს შორის. მე ჩემს სოფლელებს ვუთხარი, რომ თუ ხმას მისცემენ ენზელ მკოიანს, ის სოფელში ბუნებრივ აირს შეიყვანს, ეს იყო 15 დღის წინ. მანუკიანის გუნდმა შეიტყო, რომ ამ მიმართულებით ჩვენ წარმატება გვქონდა და ეს არ მოეწონათ”.

რსტაკიანი ამბობს, რომ დაზიანებები როგორც სახეზე, ისე სხეულზე აქვს. კლინიკას კი იციდენტიდან მეორე დღეს მიაკითხა.

მისი მეუღლის თქმით, გუშინ 5-6-ჯერ დარეკეს 112-ზე, მაგრამ სასწრაფო დახმარება მათთან არ მისულა, ამიტომ იძულებულები გახდნენ კლინიკაში მანქანით წასულიყვნენ: „ჩაუტარეს გამოკვლევა (MRI), გაუზომეს წნევა, რომელიც ძალიან მაღალი იყო, შემდეგ კი სახლში გამოუშვეს, რადგან საავადმყოფოს არ ჰყავს ნევროპათოლოგი, იგი აპირებს ახალციხის კლინიკაში წასვლას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსკ-ს 124-ე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობითა და 187-ე ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლებით მიმდინარეობს.