ოპოზიცია: ბორჯომში “ქართული ოცნება” ხმებს 120 ლარად ყიდულობს

387

„ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წევრი, ბაკურ გელაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ადგილობრივებს ხმების სანაცვლოდ თანხის გადახდას პირდებიან, სოციალურ დახმარებებს კი „ოცნების სახელით“ ურიგებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ბაკურ გელაშვილის „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ “ოცნების” აქტივისტები ხმების სანაცვლოდ ადგილობრივებს 120 ლარს, ზოგ შემთხვევაში კი უფრო მეტს აძლევენ. მსგავსი ფაქტი ბორჯომის თითქმის ყველა სოფელში ხდება.

„ყვიბისი ჩემი სოფელია, გუშინ ენმ–ს წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს და პატარა ბუკლეტებს არიგებდნენ. ერთ-ერთმა მარტოხელა მოხუცმა უთხრა ჩვენს აქტივისტებს, ოცნება 120 ლარს მაძლევს და თქვენი ცარიელი ბუკლეტები რად მინდაო. ეს მარტოხელა მოხუცი იყო და ძალიან იაფად გამოუვიდათ, სხვას უფრო მეტს პირდებიან და აძლევენ კიდეც. ხალხს აშინებენ, დადიან სურათებიანი სიებით“, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატი ბაკურ გელაშვილი.

მისივე თქმით, აგიტატორები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ სოციალური დახმარების და ოპერაციებისთვის თანხას „ქართული ოცნება“ იხდის.

გელაშვილი ბორჯომში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც საუბრობს.

„ბორჯომის პარკში 93 თანამშრომელია გაფორმებული და სამ კაცს ვერ იპოვით ადგილზე, საარჩევნო საქმიანობაში არიან ჩართულები“, – ამბობს გელაშვილი.

„ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ფერაძე კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს მათი აქტივისტები ხმების სანაცვლოდ ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ.

„ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა თქვას და პროვოკაციაზე წავიდეს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები უნდა არსებობდეს. არც ერთ ამომრჩეველთან მსგავსი შეურაცხყოფით არ მივსულვართ. ჩვენს თავს არ ვაკადრებთ რომ ხმა ფულის სანაცვლოდ მოვითხოვოთ. ეს ამბავი გამორიცხულია“, – განაცხადა ფერაძემ.