ბათუმში “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მანველიძის განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ აჭარაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და აქტივისტებმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძის ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
გიორგი მანველიძის ინფორმაციით, ინციდენტში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ფირუზ წულუკიძის ძმაც მონაწილეობდა, რომელმაც ძმის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში არაერთი აქცია გამართა.
“გუშინ, ხულოს რაიონში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებს წინასაარჩევნო შეხვედრისას „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოუწყვეს პროვოკაცია, რომლის მიზანიც კონფლიქტის და ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევა იყო. ჩვენ როგორც ხელისუფლებამ და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, თავი ავარიდეთ კონფლიქტს და პროვოკაციას, რომელიც დაგეგმა „ნაცმოძრაობამ“ და განახორციელეს მათმა წარმომადგენლებმა. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, აღკვეთილ იქნეს მსგავსი შესაძლო პროვოკაციები, რაც „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს წარმოადგენს,” – განაცხადა გიორგი მანველიძემ.
“ქართული ოცნების” განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა წერილობით უპასუხეს.
“ანზორ ბოლქვაძე ცდილობდა ღორჯომში პარასკევის ლოცვაზე ასვლას და ხალხმა არ მიიღო, ასევე არ მიიღეს შუახევში სოფელ კობალთაში, ხულოში სოფელ წაბლანაში, დიდაჭარაში, წაბლიანში და სხვა სოფლებში. გამოდის, რომ ათეულობით სოფელში არიან „ნაციონალები“ და თუ ასე ფიქრობს “ქართული ოცნება” და მისი კანდიდატები, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი „ნაციონალია“ და არჩევნები წაგებული აქვთ”, – ნათქვამია განცხადებაში.