გალში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახი მის გათავისუფლებას და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს. ბებუას ახლობლები ამბობენ, რომ მას არაერთი მძიმე დაავადება აქვს და ამის გამო არ გამორიცხავენ, რომ იზოლატორში დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.
ოჯახის ინფორმაციით, აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დაკავებული ბებუა წითელმა ჯვარმა უკვე მოინახულა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე წვდომა არ მათ ჰქონიათ.
“რამდენიმე დრის წინ წითელმა ჯვარმა შეძლო ირაკლისთან შესვლა და მისი მონახულება. მათი თქმით ირაკლის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა, რა თქმა უნდა, სამედიცინო შემოწმების უფლება არ აქვთ. ირაკლიმ ასევე შეძლო ჩვენთვის წერილის გამოგზავნა, ვიმედოვნებთ, რომ ირაკლი დროულად იქნება საქართველოს ტერიოტრიაზე გადმოყვანილი”, – ამბობს თამუნა ბებუა, ირაკლი ბებუას ბიძაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუმა ოკუპირებულ გალში, მაშინ როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობა ე.წ. “დამოუკიდებლობის დღეებს” ზეიმობდა, დემონსტრაციულად დაწვა თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დროშა.
მას სოხუმის რეჟიმი “დროშის შეურაცხყოფის” და ქონების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ დაზიანება-განადგურების გარდა, საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობასაც ედავება.