სამველ მანუკიანი ამბობს, რომ გუშინ, 25 ოქტომბერს წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ დიდ სამსარში ჰქონდა, ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როცა სოფლის დატოვებას აპირებდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“ჰაიკ რსტაკიანი და მისი შვილი მოვიდნენ. ჰაიკი მთვრალი იყო. იძახდა, თქვენ რა შეგიძლიათ, ენზელ მკოიანი სოფელში გაზს გააკეთებსო. მე ვუთარი, რომ გაზი რომელ სოფელში იქნება და რომელში არა ამას სახელმწიფო წყვეტს-თქო, დაიწყო ცუდად მოქცევა და ადგილობრივებმა გაიყვანეს, მაგრამ ისევ მობრუნდა. ვუთხარი, თითი გაწიე რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს–მეთქი, ამ დროს მოულოდნელად ცხვირში დამარტყა“, – ამბობს კანდიდატი.
მისი თქმით, მკოიანის მხარდამჭერმა მანქანაც დაუზიანა.
„მანქანაში ჩავჯექი, მინდოდა პროვოკაცია თავიდან ამეცილებინა და ამ დროს მანქანის მინას ქვა მოხვდა. ეს იყო სუფთა წყლის პროვოკაცია, ეს ადამიანები 20 წელი პროვოკაციით არიან დაკავებულები, ეს მათ ძალიან კარგად გამოსდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავურბივართ ბვერი თვეა, ეტყობა წინასაარჩევნო ბოლო დღეს არ გამოვიდა. ეს კაცი ფიქრობს, რომ ფულით შეუძლია სოფლიდან მკოიანისთვის ხმები წაიღოს, არ გამოუვა რადგან ამ სოფელში ხმების 80% ჩემი იქნება, არჩევნებამდე ექვსი დღე დარჩა, ამ ექვს დღესაც მოვითმენთ, როგორც მოვითმინეთ 21 წელი [გულისხმობს ენზელ მკოიანის დეპუტატობის პერიოდს]“, – ამბობს მანუკიანი.
„სამხრეთის კარიბჭემ“ რსტაკიანებთან სცადა ამბის გარკვევა, თუმცა მათ უარყვეს, რომ სამველ მანუკიანს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
„მამას წნევა აქვს და ძინავს, ვერ გამოვა. გუშინ იქ [დიდ სამსარში]ნამდვილად იმყოფებოდა, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და არა ფიზიკური“, – ამბობს ჰაიკ რსტაკიანის შვილი.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, შტაბში მივედით, თუმცა შენობა აქაც უკომენტაროდ დატოვა.
ინციდენტი სოფელ დიდ სამსარში გუშინ, 25 ოქტომბერს დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. სახის არეში მიღებული დაზიანებებით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.
დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება, უცნობია, შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, რომ „არკვევენ“.