დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ ოქროს უბნის მოსახლეობასთან ერთად, ფოცხვერაშვილის 14-ში მდებარე ყოფილი სპორტული მოედნის გაყიდვასთან დაკავშირებით აქცია გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს, დოლიძე ოქროს უბნის მოსახლეობასთან ერთად მწვანე სივრცის მოწყობას ითხოვს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ტერიტორია შესაძლოა, გაიყიდოს. ოქროს უბნის მოსახლეობამ დახმარების თხოვნით მომმართა, რათა ხელი შევუშალოთ აღნიშნული ადგილის გასხვისებას.
ჩენი მოთხოვნაა, რომ ამ ტერიტორიაზე მოეწყოს პარკი. უბნის მაცხოვრებლები დიდი ხანია მწვანე სივრცეს ითხოვენ, რათა ასფალტისა და გზის სავალი ნაწილების ნაცვლად, ბავშვებმა პარკში შეძლონ თამაში. ოქროს უბნის მოსახლეობა იმსახურებს, რომ აქ იყოს პარკი!“, – განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა თბილისის მერიის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.
როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, დედაქალაქში ჰაერი 10-ჯერ უფრო მეტად დაბინძურებულია. სწორედ ამიტომ, დოლიძე აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც აღნიშნულ ადგილას, ასევე ქალაქის ყველა უბანში მოეწყოს მწვანე სივრცეები.