“ევროპული საქართველოს”, „სტრატეგია აღმაშენებლის”, “ლელოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პროგრამების ეკონომიკური ნაწილი წარადგინეს

473

დღეს, “ევროპული საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ლელოს” და “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წარმომადგენლებმა 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური ნაწილი წარადგინეს.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, მათი ამოცანაა ფართო საზოგადოებისთვის იმის გაცნობა, თუ რას აპირებს “ევროპული საქართველო” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

“დღეს ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ გავაცნოთ ექსპერტებს და ფართო საზოგადოებას, ის თუ რას აპირებს “ევროპული საქართველო” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეკონომიკური განხრით. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს გადასახადების განახევრებას, ითვალიაწინებს დეცენტრალიზაციას და ამოცანა არის ის, რომ იყოს ნაკლები ბიოროკრატია მეტი ფული დარჩეს ბიზნესს და ადამიანებს. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ბიოროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე პენსიის გაორმაგებას, სოციალური დახმარების გაორმაგებას, დევნილებისთვის დახმარების გაორმაგებას და ასევე ვეტერანების პენსიის გაორმაგებას”, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ამასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი ყიფიანის განცხადებით, ღონისძიებაზე ხდება იმ ეკონომიკური რეფორმების განხილვა, რომელიც რეალურად დაამარცხებს ქვეყანაში სიღარიბეს.

“პანდემიის განმავლობაში მაშინ, როდესაც სიღარიბის მაჩვენებელი ძალიან გაზრდილია დღეს ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს რას აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია და ოპოზიციური ძალები არჩევნების გამარჯვების შემდეგ. გაერთიანებულ ოპოზიციას გააჩნია ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, რომელიც მოკლე პერიოდში მყისიერ დახმარებას გაუწევა მოსახლეობას სიღარიბიდან ამოყვანაზე”, – განაცხადა ყიფიანმა.

წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენისა და განხილვის შეხვედრები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროექტი, “დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მხარდაჭერა და გაძლიერება წინასაარჩევნო პერიოდში” უზრუნველყოფს წინასაარჩევნო შეხვედრების ციკლს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.