ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა

641

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

OGP-ში გაწევრიანებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება გლობალურ მოძრაობას რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას. პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე.

OGP-ის ლოკალური პროგრამის ახალი წევრები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც 2020 წლის 26 მაისს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა. მიღებული 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რომლებიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებენ. აღნიშნული OGP-ის ისტორიაში თვითმმართველობების ჩართულობის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა და ემთხვევა კრიტიკულ მომენტს, როცა ქალაქები და ადგილობრივი თვითმმართველობები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.

ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის მხარდაჭერით ვოლისის სისტემა დანერგა. აღნიშნული ადგილობრივი მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო პარტნიორისა და დონორი ორგანიზაციის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე მიესალმება ახალციხის მუნიციპალიტეტის OGP-ის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას და იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტს ორგანიზაციის წევრები როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ღია მმართველობის გაუმჯობესების კუთხით ბევრ მნიშვნელოვან ცოდნას გაუზიარებენ. „როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი როლი და ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მნიშვნელობა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ძალისხმევას არ იშურებს, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის ბიუჯეტის დაგეგმვასა და აღსრულებაში, რაც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებებითაც დასტურდება,“ – განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

კონკურსის შესარჩევ ეტაპებზე მუნიციპალიტეტს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი. სწორედ მათთან თანამშრომლობით იგეგმება სამომავლოდ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი მიესალმება ახალციხის მუნიციპალიტეტის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას და მზადყოფნას გამოხატავს აქტიურად ჩაერთოს ადგილობრივ დონეზე OGP-ის ფორუმის მუშაობის პროცესში. „წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ უაღრესად მნიშნელოვანია სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობა, ვინაიდან ერთობლივად განხორციელებული პროექტები თანაბრად ითვალისწინებს ყველა სექტორის ინტერესებს,“ აცხადებს სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის დირექტორი, ნინო ლომიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსის ორივე ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, როგორც ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოსთან, მონაწილეობდა სამდივნოს მიერ გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებში. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ მადლობას უხდის USAID GGI-ს, კონკურსის ორივე ეტაპზე გაწეული გულისხმიერი მხარდაჭერისთვის.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. OGP ამჟამად მსოფლიოს ასამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.