ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში

784

წინა სტატია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი N2 წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს.

მათივე ცნობით, წინამდებარე დოკუმენტი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბიულეტენი, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

ბიულეტენი #2
საინფორმაციო სივრცე და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა
20 აგვისტო –20 ოქტომბერი, 2020

საინფორმაციო სივრცე – ტრადიციული მედია

საქართველოს მედია გარემო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი, თუმცა მეტად პოლარიზებულია, რაც, შესაძლოა, მოქალაქეთა მიერ ინფორმირებული საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენდეს გავლენას. NDI-ის 2019 წლის დეკემბრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 69 პროცენტმა განაცხადა, რომ ახალ ამბებს, ძირითადად, ტელევიზიის საშუალებით იგებენ, თუმცა იმავე გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 32-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ ქართული სატელევიზიო მედია მიუკერძოებლად აშუქებს მოვლენებს. არჩევნების დროს, პარტიებისთვის ტრადიციული მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, რეკლამების განთავსების მთავარ წყაროდ რჩება.

მაშინ, როდესაც მოქალაქეებისთვის არჩევნებისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ რეგულარული და სანდო ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს; მათ შორისაა ისეთი ინციდენტები, როგორიცაა: საპროტესტო აქცია, რომლის გამოც პანკისში რადიო სადგური იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა; ბოლნისში ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა; ორი ძალადობრივი დაპირისპირება მარნეულში, რომლის დროსაც რეპორტიორიები და გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ წარსულში მსგავსი ინციდენტების გამოძიება მიკერძოებულად წარიმართა.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, ტრადიციული მედია (ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია) პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ეროვნულ და ადგილობრივ დებატებს და გადაცემებს აწყობდნენ. თუმცა, მედიის ბევრი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დებატებში ქართული ოცნების მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 15 ოქტომბერს გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ეროვნული, ასევე, რეგიონული მედია საშუალებების უმეტესობა – განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც ოპოზიციურად ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილად მიიჩნევენ – აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ თავიდან აირიდა ან სრულიად უგულებელყო მათ გადაცემებში მონაწილეობა.

NDI-ისთან საუბრისას სხვადასხვა ჩართულმა მხარემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მიმართ უნდობლობა გამოხატა და განაცხადა, რომ კომისია პოლიტიკურად მიკერძოებულია და უფრო მეტად ოპოზიციური მედიის კონტროლზეა ორიენტირებული. მხარეები აცხადებენ, რომ ამის ნაცვლად, მარეგულირებელი უცხო ქვეყნების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის განეიტრალებასა და საქართველოს მედეგობის განვითარებაზე უნდა კონცენტრირდეს, განსაკუთრებით არჩევნების დროს. რეკლამებთან და მედიასაშუალებების ჯარიმებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი დავებიც იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ პარტიებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან შესაბამისი საკანანომდებლო ჩარჩოსა და რეგულაციების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სჭირდებათ.

მიუხედავად იმ შიშებისა, რომელიც 2020 წლის ივლისში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს მოჰყვა და რომელიც კომუნიკაციების კომისიას გარკვეულ დარღვევებში ბრალდებულ კომპანიებში ,,სპეციალური მმართველის” დანიშნვის უფლებამოსილებას ანიჭებს, ამ უფლებამოსილებას კომისია მხოლოდ შეზღუდულად იყენებს. მაუწყებლები NDI-ისთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ მუშაობაში ჩარევას ან გამოძიებას საარჩევნო პერიოდში ადგილი არ ჰქონია, თუმცა კომისიისთვის მინიჭებულ ფართო დისკრეციულ უფლებებთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოხატავენ.

სოციალური მედია და დეზინფორმაცია

საქართველოში სოციალური მედია ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროდ ყალიბდება, რაც, თავის მხრივ, ონლაინ-მანიპულაციების მიმართ მოწყვლადობას ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა – ქვეყანაში ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა – ახლახანს მასშტაბური შიდა დეზინფორმაციის ქსელები წაშალა, სხვა საშინაო და საგარეო გავლენის სქემები ჯერ კიდევ აქტიურია.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოს საზოგადოების (ISFED) ანგარიშის მიხედვით, ზაფხულში Facebook-ს საარჩევნო კამპანიისთვის 17 პოლიტიკური პარტია და მაჟორიტარობის 117 კანდიდატი იყენებდა. კანდიდატები Facebook-ს ამომრჩევლებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ონლაინ დისკუსიების გასამართად და მათი სატელივიზიო გამოსვლებისა თუ ამომრჩევლებთან შეხვედრების ამსახველი ფოტოების გასაზიარებლად იყენებენ. თუმცა, ISFED-ის იმავე ანგარიშის მიხედვით, ანონიმური გვერდები როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების აქტიურ დისკრედიტაციას ეწევა. გამონაკლისია პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ამ ანონიმური გვერდების სამიზნეს არ წარმოადგენს. ონლაინ სივრცეში მოქმედი ეს დისკრედიტაციული კამპანიები ქვეყნის შიგნიდან იმართება. ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კოორდინირებული და კარგად დაფინანსებულია; ამასთანავე ჩანს, რომ ამ გვერდების მმართველს სატელევიზიო არქივებზე მიუწვდება ხელი; მმართველი პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდები ნაკლებად ორგანიზებული ჩანს. ზოგიერთი სახის პოლიტიკური რეკლამა მიკრო-ტარგეტირებას ეფუძნება. მიკრო-ტარგეტირება მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე დაყრდნობით მათზე მორგებული, მათთვის მეტად დამაჯერებელი მესიჯების შემუშავების პრაქტიკას გულისხმობს. მსგავსი რეკლამების შეზღუდული გავრცელება მათ მონიტორინგს, გამოვლენას და – მანიპულაციური ინფორმაციის შემთხვევაში – მათ განეიტრალებას ართულებს. მიკრო-ტარგეტირების გავლენა არჩევნებზე ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი არსებობა მოსახლეობის დაბნევას უწყობს ხელს.

აგვისტოში Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედებამ კანდიდატების, მათი მხარდამჭერებისა და ანონიმური გვერდების მიერ მართული რეკლამების გამჭირვალობას შეუწყო ხელი. ISFED-ის თანახმად, 4 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე კანდიდატების უმრავლესობა რეკლამებზე შესაბამისი დეკლარაციების განთავსების წესს იცავდა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა – რომელიც კამპანიის დაფინანსების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი – აღნიშნა, რომ ონლაინ-ხარჯების შემოწმება რთულია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ პარტიებსა და კანდიდატებს თავიანთი ოფიციალური სოციალური მედიის გვერდების დეკლარირება არ ევალებათ. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურს ანონიმურ გვერდებზე გამოქვეყნებული რეკლამების განხილვის ან სანქცირების ინსტრუმენტი არ გააჩნია და უძნელდება კომუნიკაციის დამყარება Facebook-თან, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობა არ აქვს.

Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაცია კვლავ ფართოდაა გავრცელებული, ხოლო ახლოს მდებარე მთიან ყარაბაღში ახლახანს განახლებულმა ბრძოლებმა დეზინფორმაციის ახალი ნარატივები გააჩინა. 17 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ორმა ქართულმა დამოუკიდებელმა, ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ, რომლებიც Facebook-თან თანამშომლობენ, 46 ფართოდ გავრცელებული მცდარი პოსტი გამოავლინა და გააქარწყლა. სომხური, აზერბაიჯანული და რუსული საინფორმაციო წყაროები ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საქართველოს ქმედებებისა და დამოკიდებულების, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენებისა და რეგიონული ვითარების შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებენ. ჩართული მხარეები აღნიშნავენ, რომ დაძაბულობის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა როგორც ონლაინ, ასევე რეალურ სივრცეში. ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციებმა აგრეთვე გამოავლინეს და გააქარწყლეს პატრიოტთა ალიანსის წევრების მიერ გავრცელებული ანტი-თურქული და განხეთქილების გამოწვევი განცხადებები.

ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა

არსებული საკანონმდებლო მექანიზმების მიუხედავად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა (შშმ პირები) და ლგბტ თემის წარმომადგენლების პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ დაბალია.

მიმდინარე მოწვევის პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 21 წევრია ქალი, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ქალთა დაბალ პოლიტიკურ მონაწილეობაზე მიუთითებს. ივლისში მიღებული სავალდებულო გენდერული კვოტა მიზნად ისახავს, რომ მომავალ პარლამენტში სულ მცირე 30 წევრი (20 პროცენტი) იყოს ქალი. ის პარტიები, რომლებიც კვოტის მოთხოვნებს გადააჭარბებენ და პარტიულ სიებში სამ კანდიდატში ერთ ქალს წარადგენენ, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, სულ მცირე 29 პარტიამ, მათ შორის ევროპულმა საქართელომ, პარტიამ სამართლიანობისთვის, სტრატეგია აღმაშენებელმა და პატრიოტთა ალიანსმა, ეს მოთხოვნა დაიცვა. მთლიანობაში, გენდერული კვოტა პოზიტიურად არის აღქმული, თუმცა პარტიამ გირჩი მისი არაკონსტიტუციორობის საკითხი დააყენა. 25 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გენდერული კვოტა ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის კონსტიტუციურ მექანიზმად ცნო. 2028 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებს უკვე სამ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, ხოლო 2032 წლის არჩევნებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტა გაუქმდება.

კვოტების საშუალებით გენდერულად მეტად მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისთვის ერთი პოტენციური დაბრკოლება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ ასახელებს. ხშირ შემთხვევაში ისინი სიის მეოთხე ნომრად არიან წარმოდგენილები. შედეგად ის პარტიები, რომლებიც ოთხ მანდატზე ნაკლებს მოიპოვებენ, დიდი ალბათობით პარლამენტში ქალ კანდიდატს ვერ შეიყვანენ. დაბალი ბარიერის პირობებში ამ სცენარის განვითარება რეალისტურია, რა შემთხვევაშიც, ქალების წარმომადგენლობა, შესაძლოა, მაინც 20 პროცენტზე ნაკლები დარჩეს. ჩართული მხარეები NDI-სთან ქალების თანაბარი მონაწილეობის ძირითად ბარიერად პოლიტიკურ პარტიებს ასახელებენ. ხშირ შემთხვევაში, პარტიის ხელმძღვანელობა (სადაც უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ) კანდიდატების შერჩევის პროცესში ქალთა წარმომადგენლობის საკითხებს არ ითვალისწინებს, ხოლო პარტიების რეგიონული სტრუქტურები კაცი მხარდამჭერების მიერ იმართება. წინამდებარე ბიულეტენის წერის მომენტისთვის მაჟორიტარი კანდიდატების მხოლოდ 22 პროცენტია ქალი. თუ ეს რიცხვი შენარჩუნდება, ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, 2016 წლის (17 პროცენტი) და 2012 წლის (14 პროცენტი) არჩევნებთან შედარებით, მცირედ ზრდას ექნება ადგილი.

პარტიების პლატფორმების უმრავლესობა მხოლოდ ზოგადად მოიხსენიებს ქალთა, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საკითხებს, რაც ძირითადად მოქალაქეების თანასწორობაზე, ქალებისთვის პოლიტიკასა და ბიზნესში ჩართულობის მეტი შესაძლებლოების საჭიროებასა და შშმ პირებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლებასა და დასაქმებაზე გაზრდილი წვდომის მნიშვნელობაზე მოწოდებებში გამოიხატება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ დეკლარირებულ მიზნებს დეტალური გეგმები არ ახლავს თან. მხოლოდ რამდენიმე პარტიის პროგრამა მოიცავს შშმ პირთა საჭიროებებს და ისიც მხოლოდ გაზრდილ დახმარებაზე ამახვილებს ყურადღებას, მათი ჩართულობის გაზრდის მიმართულებით უფრო ყოვლისმომცველი მიდგომის ნაცვლად. სულ რამდენიმე პარტია და კანდიდატი საუბრობს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებზე მორგებული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ.

კოვიდ-19 პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით ქალებზე არათანაბარი გავლენა იქონია. ზოგიერთმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის პირობებში შეიძლება ნაკლები ქალი მივიდეს არჩევნებზე. 2016 და 2018 წელს ქალების აქტივობა მცირედით უსწრებდა კაცებისას და 2016 წელს ამომრჩევლების აქტივობის 51 პროცენტს, ხოლო 2018 წელს 52 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, ამ ეტაპისთვის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში ქალების წარმომადგენლობაზე აღნიშნულ ფაქტორს ჯერ გავლენა არ მოუხდენია. წინა წლების მსგავსად, ქალებთა წარმომადგენლობა კომისიებში მაღალია და საუბნო კომისიებში – 74 პროცენტს, საოლქო კომისიებში – 60 პროცენტს, ხოლო დროებით პოზიციებზე 69 პროცენტს შეადგენს.

ეთნიკური უმცირესობები (მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტი) კამპანიის პროცესებში ნაკლებად არიან წარმოდგენილები. გამონაკლისია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ორი ოლქი: მარნეული-გარდაბანი და ახალქალაქი-ნინოწმინდა, სადაც, პირველ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობას – ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო მეორეში ეთნიკურად სომხები წარმოადგენენ. ამ ოლქებში ეთნიკური უმცირესობების ჯგუფის წარმომადგენელი 14 კანდიდატია, საქართველოს სხვა მაჟორიტარულ ოლქებში კი ეთნიკური უმცირესობები საერთოდ არ არიან წარმოდგენილები.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები კამპანიის მასალებსა და პოსტერებს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ავრცელებენ, ამ დრომდე ინტერნეტში უმცირესობების ენებზე პროგრამა არცერთ მათგანს გამოუქვეყნებია. ენობრივი ბარიერების გამო ეთნიკური უმცირესობები ხშირად რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ მედიას ეყრდნობიან, თუმცა რამდენიმე ენაზე მაუწყებელი ადგილობრივი მედიასაშუალებებიც თანდათან მეტ მნიშვნელობას იძენენ. ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკო საარჩევნო ინფორმაციას საკუთარი ვებგვერდისა და ქოლცენტრის მეშვეობით აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ავრცელებს. ამასთანავე, ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგების მასალების თარგმნასა და შესაბამისი ოლქებისთვის მრავალენოვანი ბიულეტენების ბეჭდვასაც უზრუნველყოფს.

ისლამოფობიური და ქსენოფობიური რიტორკა პოლიტიკური დისკურსის ნაწილს წარმოადგენს. წინასაარჩევნო კამპანიაში ანტი-თურქული გზავნილების გამოყენების გამო პარტია პატრიოტთა ალიანსი დაჯარიმდა. მთიან ყარაბაღში განახლებულმა კონფლიქტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო ანტაგონიზმის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა. კონფლიქტზე ფოკუსირებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოების პრობლემად წარმოჩენა და ამასთან დაკავშირებული სტიგმები.

ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესკონფერენციებისა და საინფორმაციო ვიდეოების გავრცელების დროს სურდო თარგმანს უზრუნველყოფს. ცესკო, დამატებით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომიიის წევრებს შშმ პირების დამოუკიდებელი მონაწილეობის ხელშეწყობაზე ონლაინ სასწავლო კურსს სთავაზობს. შშმ პირთა უფლებადამცველები წარსულში მისაწვდომობის პრობლემებზე საუბრობდნენ, მაგალითად საუბარია ეტლით მოსარგებლეებისთვის უბანზე შესვლის სირთულეებზე. ამ პრობლემის საპასუხოდ, ცესკომ შშმ პირებს ხმის მისაცემად მათთვის მოსახერხებელი ადაპტირებული უბნის შერჩევის შესაძლებლობა მისცა. ადაპტირებული უბნების შესახებ ინფორმაცია ცესკოს ინტერაქტიულ რუკაზე არის ხელმისაწვდომი და მოიცავს ფოტოებს და დეტალებს, რაც შშმ პირებს მათი საჭიროებების შესაბამისი უბნის შერჩევაში დაეხმარება. ამომრჩევლებს უბნის შესარჩევად 25 ოქტომბრამდე აქვთ ვადა. მიუხედავად ამისა, შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფები კვლავ აღნიშნავენ, რომ ის უბნები, რომლებიც საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ადაპტირებულად არის მიჩნეული, შესაძლოა, კვლავ არ იყოს ყველასთვის მისაწვდომი, რადგან მისაწვდომობის კრიტერიუმები ცხადი არ არის გაწერილი.

საარჩევნო კამპანიაში ჰომოფობიური რიტორიკის აღმოფხვრის მიზნით, ლგბტ უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთი ორგანიზაცია, პარტიებს მოუწოდებს შეუერთდნენ მრავალპარტიულ მემორანდუმს. ლგბტ უფლებების დამცველი ჯგუფების ოფისებზე თავდასხმები და მათი დისკრიმინაცია გრძელდება. ეს შემთხვევები გამოძიების პროცესშია, თუმცა ჯგუფები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიებში ამ ეტაპზე ჰომოფობია და ტრანსფობია არ ჭარბობს.

რეკომენდაციები:

  •  საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ, ცენტრალურ საარჩევნო კომისასთან კოორდინაციით, შესაბამისი წესების გასაჯაროვებისთვის და მედიისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ამ წესების დაცვის პროაქტიული უზრუნველყოფისთვის დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
  •  ამომრჩევლებისთვის დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა ყველა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რათა მოსახლეობას მათი ხედვები და გეგმები გააცნონ.
  • მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად თავიანთი ლეგიტიმური ფუნქციების შესრულებისა და უფლებების რეალიზების საშუალება უნდა მიეცეთ – ყოველგვარი ჩარევის გარეშე. შესაბამისმა ორგანოებმა ინციდენტები დროულად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეთა ადეკვატურად სანქცირება უზრუნველყონ.
  • გამჭვირვალობის გასაზრდელად და კამპანიების დაფინანსების წესების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო კოდექსი უნდა მოიცავდეს დებულებებს ონლაინ გვერდებზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამის დეკლარირების შესახებ, რომლებიც კამპანიის მიზნებისთვის გამოიყენება. ონლაინ განთავსებული რეკლამების შემოწმების გასამარტივებლად, არჩევნებამდე სახელმწიფო ორგანოებმა ფეისბუქთან კომუნიკაცია უნდა დაამყარონ.
  • მთავრობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, ჟურნალისტებმა და ონლაინ პლატფორმებმა არჩევნების დროს დეზინფორმაციის გამოსავლენად და მისი გავლენის შესამცირებლად მუშაობა უნდა გააგრძელონ და კიდევ უფრო გააძლიერონ. ასევე, საინფორმაციო სივრცის დამაზიანებელი ზეგავლენებისგან დაცვისა და საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად გრძელვადიანი სტრატეგიები უნდა დანერგონ.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიის დარჩენილ პერიოდში ქალი კანდიდატების მხარდამჭერი შიდა მექანიზმები უნდა დანერგონ.
  •  კამპანიის დარჩენილ დღეებში პარტიებმა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კონკრეტული გზები და დეტალები უნდა წარმოადგინონ.
  • პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები უნდა მოერიდონ ისეთი თემების (მაგალითად, ყარაბაღში გამწვავებული კონფლიქტი) განხილვას, რაც შეიძლება დაპირისპირებისა და საზოგადოების განხეთქილების რისკს შეიცავდეს. ამის ნაცვლად მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ მოქალაქეების პრიორიტეტებზე ორიენტირებულ კამპანიაზე და უფრო მკაფიოდ ისაუბრონ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიებში ჰომოფობიური ენის გამოყენების წინააღმდეგ მრავალპარტიულ მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი.