NDI-მ წინასაარჩევნო დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა

611

შემდეგი სტატია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს.

მათივე ცნობით, წინამდებარე დოკუმენტი 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს ეყრდნობ, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბიულეტენი, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

ბიულეტენი N1
საარჩევნო ადმინისტრაცია და კამპანიის გარემო

20 აგვისტო –8 ოქტომბერი, 2020

საკანონმდებლო ჩარჩო და საარჩევნო ადმინისტრაცია

31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ახალ პარლამენტს აირჩევენ, რომელიც პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან შედგება. 8 ოქტომბრის მდგომარეობით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 49 პოლიტიკური პარტიისა და 2 საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიებს ამოწმებს. მაჟორიტარობის კანდიდატების ჯამური მონაცემების ანალიზი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. 3 სექტემბერს პარლამენტმა სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილება შეიტანა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ან მათი იძულების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგელობა დააწესა. ეს პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა NDI-სთან საუბარში სხვადასხვა მხარეებმა აღნიშნეს, რომ მთავარი გამოცდა ამ წესების მიუკერძოებელი აღსრულება იქნება.

ამ ეტაპისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ეფექტიანად და ვადების დაცვით ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები საკმაოდ გვიან შევიდა. მეტი ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ცესკომ თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა. ის ორგანიზებას უწევდა ჩართულ მხარეებთან დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, მაგალითად, კენჭისყრის დღეს პანდემიის გავრცელების შესაკავებლად გასატარებელი სპეციალური ღონისძიებები; ამასთანავე, რეგულარულად აქვეყნებდა სიახლეებს საკუთარ საქმიანობასა და საარჩევნო პროცესებზე. თუმცა, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საარჩევნო
კომისიების ყველა დონეზე არსებული დაუბალანსებელი შემადგენლობის გამო წუხილს გამოთქვამენ.

7 ოქტომბრის მონაცემებით, ცესკომ 72 ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი
დაარეგისტრირა. ჩართული მხარეები პოზიტიურად აფასებენ სადამკვირვებლო სივრცის ასეთ მრავალფეროვნებას, თუმცა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც მიუკერძოებელი უნდა იყოს, სხვადასხვა პარტიასთან არის დაკავშირებული, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ხელის შეშლას ცდილობს. მათ წუხილი გამოთქვეს, რომ ამ ჯგუფებმა, შესაძლოა, მიუკერძოებელი ჯგუფების საქმიანობის მიმართ ნდობა შეარყიონ.

ცესკოს განცხადებით, ახალმა წესებმა, რომლის მიხედვითაც, ბოლო საერთო არჩევნების დროს პარტიის მიერ დანიშნული პირების კომისიის მიუკერძოებელ (პროფესიული ნიშნით შერჩეულ) წევრებად დანიშვნა იკრძალება, 892 კანდიდატის დისკვალიფიკაცია გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წესები წარსულში პარტიის წარმომადგენლის ან ცხადად გამოხატული პოლიტიკური კუთვნილების მქონე ადამიანების დანიშვნის შესაძლებლობას კვლავ იძლევა. მაგალითად, კომისიის იმ წევრებს, რომლებიც წარსულში არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მიერ ინიშნებოდნენ, მაგრამ ბოლო არჩევნებში არ დანიშნულან (ბოლო არჩევნები „გამოტოვეს“), 2020 წლის არჩევნებზე პროფესიული ნიშნით შერჩეული კომისიის წევრების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ. კონკურსში მონაწილე პირთა მცირე რაოდენობა და გასაუბრების გარეშე მათი დანიშვნა, მიკერძოებული შერჩევის შესახებ ეჭვებს უფრო ამძაფრებს. ამ კონტექსტში, საუბნო კომისიის დონეზე პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრების შერჩევის პროცესს საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სულ მცირე სამ ოლქში ძალადობაში გადაიზარდა.

დამატებით, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მთავრობის მზაობას, აღასრულოს რეგულაციები, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლების დაშინებასა და მოსყიდვას ეხება. სავარაუდო დარღვევები ძირითადად შემდეგი ტიპის შემთხვევებს მოიცავს: საჯარო მოხელეების მიერ მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ კამპანიაში მონაწილეობა, საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ან სოციალური დახმარების მიმღებ ადამიანებზე ზეწოლა, რომ მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას, ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული დახმარების იმგვარად გაცემა, რომელიც, შესაძლოა, კამპანიის აქტივობად იქნას აღქმული. ქართული ოცნება უარყოფს და დაუსაბუთებელს უწოდებს მსგავს ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ეკონომიკური სირთულეების დაძლევისთვის პირდაპირი დახმარების გაცემა აუცილებელია.

NDI-ის ბოლო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ ოთხი სხდომა გამართა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან დარღვევების შემთხვევების განსახილველად. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით დისკუსიები უფრო კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა. სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ გამოხატეს წუხილი, რომ რეგულაციების სუსტი აღსრულება და მნიშვნელოვანი საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ბოიკოტი ზღუდავს უწყებათაშორისი კომისიის შესაძლებლობას გადაჭრას დავები და გაზარდოს ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ. ბევრი პოლიტიკური პარტია, როგორიცაა, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, წარსული გამოცდილებით კომისიის წევრი უწყებების მხრიდან დისკუსიაში შინაარსობრივი ჩართულობა და საკითხებზე შესაბამისი რეაგირება არ ხდებოდა.

კამპანიის გარემო

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყო და ამ დრომდე პანდემიამ მასზე მცირე გავლენა იქონია. პანდემიის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები საჯარო შეხვედრებს ატარებენ, თუმცა უფრო მცირე მასშტაბებით და ძირითადად ღია სივრცეებში. სადაც ეს შესაძლებელი და ხელმისაწვდომია, პარტიების უმეტესობა კამპანიის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს იყენებს, როგორიცაა კარდაკარ კამპანია და ბეჭდური მასალების დარიგება, ტრადიციული ან სოციალური მედიის გამოყენება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაძლო გაუარესება, სავარაუდოდ, კამპანიასა და ამომრჩეველთა აქტივობაზე გავლენას მოახდენს.

წინა წლების მსგავსად, საარჩევნო კამპანიების ფინანსური რესურსები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემების თანახმად (რომელიც თავად პარტიების მიერ მიწოდებულ ფინანსურ ანგარიშებს ეყრდნობა) ქართული ოცნების შემოსავლები და დანახარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და პატრიოტთა ალიანსის შემოსავლებსა და დანახარჯებს იმავე პერიოდში.

ამ დრომდე სულ მცირე 40-მა პარტიამ, ქართული ოცნებისა და წამყვანი ოპოზიციური პარტიების ჩათვლით, მოაწერა ხელი ცესკოს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ქცევის კოდექსს. კოდექსი ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას, თავი შეიკავონ დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მშვიდობიან საარჩევნო
გარემოსა და საკითხებზე ორიენტირებულ კამპანიას შეუწყონ ხელი. კოდექსის ნორმების დარღვევის შემთხვევაში სანქცირების მექანიზმთან დაკავშირებული საკითხები ბუნდოვანია.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ჩართული მხარე NDI-ისთან საუბრისას ფიზიკური ძალადობის, დაშინებისა და ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას. რამდენიმე საჩივარს დეტალური დოკუმენტაცია ახლავს თან, თუმცა უმეტესობა დამოუკიდებელი გადამოწმებისთვის საკმარისად დასაბუთებული არ არის. სხვადასხვა ჩართული მხარე და მედია პარტიის წევრებზე, აქტივისტებზე, მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ, მათ შორის საარჩევნო კამპანიისა და საარჩევნო კომისიის საქმიანობის შეფერხების შესახებ საუბრობს. რამდენიმე საქმეზე სავარაუდო დამრღვევები დაკავებულები არიან ან მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, ზოგიერთი მხარე აცხადებს, რომ ხშირად მსხვერპლი ანგარიშსწორების შიშისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი უნდობლობის გამო – რომელიც განპირობებულია წარსულში სასამართლოს მიერ დაწესებული არასათანადო სანქციებითა და დაგვიანებული რეაგირებით – სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებისგან თავს იკავებს. ძალადობისა და დაშინების ადგილი არჩევნებში არ არის.

შემდგომი კვირების განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება ყურადღება საკითხებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ დებატებზე გამახვილდეს. პარტიების მიერ საარჩევნო პროგრამების შემუშავება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. პროგრამები ძირითადად ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება, სასამართლო რეფორმა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. პროგრამები პარტიების ძირითადი მხარდამჭერებისთვის აქტუალურ საკითხებს ასახავს და დამატებით ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან საკითხებსაც ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შინაარსობრივი დებატების გასამართად პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია, პროგრამებს საარჩევნო კამპანიებში სათანადო ყურადღება არ ეთმობა და სატელევიზიო და ბეჭდური მედიის მიერ ფაქტობრივად არ შუქდება.

რეკომენდაციები:

  • საარჩევნო და სამართალდამცავმა ორგანოებმა დაშინებისა და ძალადობის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ყველა შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ და კანონის დამრღვევების დროულად დასჯით მომავალში მსგავსი შემთხვევების განმეორების ალბათობა შეამცირონ.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა კანონი და ქცევის კოდექსი უნდა დაიცვან და უზრუნველყონ, რომ მათმა მხარდამჭერებმა ოპონენტების კამპანიის აქტივობებს ხელი არ შეუშალონ. პარტიებმა ქცევის კუთხით აღებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევებზე შიდა სანქციები და ანგარიშვალდებულების მექანიზმები უნდა შეიმუშაონ.
  • პარტიები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ან დაშინებაზე საჩივრებს სათანადო მტკიცებულებები დაურთონ და საჩივრების დასაკმაყოფილებლად არსებულ პროცედურებს მისდიონ.
  • უფრო მეტად შეთანხმებული და ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ პარტიისა და სახელმწიფოს რესურსები ცხადად გაიმიჯნოს. ეს განსაკუთრებით ეხება სოციალური დახმარების პროგრამებს, რომლებიც პანდემიის გავლენის შემცირებისკენაა მიმართული.
  • ცესკომ, უწყებათაშორისმა კომისიამ და სხვა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განაგრძონ იმაზე მუშაობა, რომ უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მათი მუშაობისა და საარჩევნო პროცესების მიმართ საჯარო ნდობაზე აისახოს.
  • ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციას უნდა მისდიონ. ყველა ჩართულმა მხარემ სანდო და მიუკერძოებელი დაკვირვების მიზნებს უნდა სცეს პატივი.