“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ცალკეული ინციდენტები” ჩრდილს ვერ მიაყენებს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს.
“რაც მთავარია, პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ინციდენტზე და სხვა სამართალდარღვევაზე, რომელმაც საარჩევნო გარემოს პრობლემა შეიძლება შეუქმნას. სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირების ხარჯზე გახდა და მომავალშიც უნდა გახდეს შესაძლებელი ინციდენტების მაქსიმალური პრევენცია”, – განაცხადა კობახიძემ.
ბოლო პერიოდში მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს თავდასხმებსა და კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. საუბარია როგორც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე. ორივე შემთხვევაში პარტიები ბრალეულობას უარყოფენ. დაწყებულია არაერთი გამოძიება.