“ნაცმოძრაობა” საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” ბანერს აპროტესტებს

445

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე “ოცნებას” საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ On.ge წერს.

დეკანოიძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” დაარღვია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის თანახმადაც, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება დაუშვებელია. მოსკოვის პროსპექტის 23/29 საარჩევნო უბანთან კი ჩამოკიდულია ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის ბანერი.

“3 საათია ველოდებით, რომ მოვიდნენ საზედამხედველო სამსახური, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა. ჩვენც მოვიტანეთ ბანერი წარწერით, რომ ეს დარღვევაა და გავაკარით. მოვიდა პოლიცია და გვეუბნება, რომ იდენტიფიცირებას ახდენენ, ვინც ეს გააკეთა. მე გავაკარი და კი ბატონო, დამაიდენტიფიცირონ”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის განცხადებით, ჯერჯერობით ჯარიმასთან დაკავშირებით ოფიციალური ოქმი არ მისვლიათ. მისივე თქმით, საზედამხედველო სამსახურიც და საოლქო საარჩევნო კომისიაც ეუბნება, რომ მათი კომპეტენცია არაა.

ასევე, დეკანოიძე აღნიშნავს, პროტესტის პასუხად უთხრეს, რომ ბანერის ჩამოკიდების ნებართვა კერძო მესაკუთრემ მისცათ. დეკანოიძეს ეს ახსნად არ მიაჩნია და ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კენჭისყრის შენობასთან განთავსებული ბანერი კოდექსის დარღვევაა.