ახალციხის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის ჯგუფი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადაიყვენეს, რაც ერთ–ერთი ბავშვის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბაგა-ბაღში, სადაც 10 ჯგუფია, ერთი ჯგუფისთვის სასწავლო პროცესი 16 ოქტომბერს შეჩერდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბავშვის ანალიზების პასუხის გაგების შემდეგ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედებენ.
„ჩვენ გავატარეთ ყველა პრევენციული ღონისძიება. საშიში არაფერია, თუმცა, მეტი პრევენციისთვის მაინც ვამჯობინეთ იზოლაციაში გადაგვეყვანა ჯგუფი. სააღმზრდელო პროცესი გაგრძელდება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, ველოდებით პასუხებს“, – გვითხრა ახალციხის მუნიციიპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, მარინა მერაბიშვილმა.
სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებში მთელი საქართველოს მასშტაბით 12 ოქტომბრიდან განახლდა. პირველადი რეკომენდაციების თანახმად, მშობლებს შენობაში შესვლა ეკრძალებათ, ბავშვის მიღება და შემდგომ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კი ადმინისტრაციის თანამშრომელია.