“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილი აქცია არამხოლოდ უპასუხისმგებლობა, არამედ შეგნებული მავნებლობაა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი მტკიცებით, აქციისთვის ოპოზიციურმა პარტიამ 1 500-მდე ადამიანი შეკრიბა და ბათუმში აიყვანა. როგორც კობახიძე ამბობს, ეს შეგნებული ქმედება მიზნად ისახავდა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ხელშეწყობას და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანას.
“ამ მავნებლობის დაგეგმვისას, მათ ვირუსის გავრცელების ინსტრუმენტად გამოიყენეს და შესაბამისად, საფრთხის ქვეშ პირველ რიგში დააყენეს ბათუმში შეკრებილი საკუთარი მხარდამჭერები, რაც ამ პარტიის ბოროტ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს, ბათუმში “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ძალა ერთობაშიასთან” ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.
წინასაარჩევნო პერიოდში ხალხმრავალ შეხვედრებსა და ღონისძიებებს “ქართული ოცნებაც” მართავდა. ოპონენტების პასუხად ისინი აცხადებდნენ, რომ იცავენ რეკომენდაციებს და დისტანციას.