“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე, 16 ოქტომბერს, თბილისში Sakhelosno BAR-ში შრომის ინსპექციის შესვლას გამოეხმაურა. ბარში პარტიის საარჩევნო შტაბია განთავსებული.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, რომ დააჯარიმებდნენ. მისივე თქმით, ეს “გირჩის” საარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლაა:
ჯაფარიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მსგავსი რამ კვლავ განმეორდება, ისინი ფიზიკურად დაიცავენ თავიანთ შტაბებს.
“თბილისში, ბათუმში და რუსთავში ფუნქციონირებს “გირჩის” რამდენიმე შტაბი, რომელთა ნაწილიც განთავსებულია ბარებში, რომლებსაც ურთიერთთანამშრომლობისთვის ვიყენებთ. შეხვედრებს ვაწარმოებთ უკვე რამდენიმე კვირაა და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. გუშინ ღამით შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ორკესტრირებულად ყველა ჩვენს შტაბში შევარდა და სამი ბარის მეპატრონეს ზეპირსიტყვიერად უთხრეს, რომ მათ დააჯარიმებდნენ.
ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ცალსახად ხელის შეშლას. შრომის ინსპექტირების სააგენტო ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა, როგორც დევნის ინსტრუმენტი”. – თქვა მან.
მისი თქმით, “გირჩი” კამპანიის ერთ-ერთ ფორმად ბარებს იყენებს – ისინი ამომრჩეველთან ერთად სვამენ და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. ჯაფარიძე ამბობს, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის თანახმად, პრობლემა ადამიანების შეკრებასა და დალევაში არ არის, არამედ იმაში, რომ ადამიანები მათ შტაბში მიდიან და სასმელს ყიდულობენ.
“მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო, რომ ყველა ჩვენს შტაბს თავი დაანებონ, არც-ერთ შტაბში აღარ შევუშვებთ, ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ, რომ ვერც ერთი სტრუქტურის წარმომადგენლები იქ ვერ შევიდნენ,”- აცხადებს ჯაფარიძე.
როგორც ის ამბობს, დღეს კიდევ ერთი ღონისძიება აქვთ რიყეზე, სადაც კვლავ იგეგმება ალკოჰოლის მოხმარება, რომელსაც ადგილზე შეიძენენ.
“დღეს საღამოს დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება რიყეზე, სადაც ჩვენი მხარდამწერები იქნებიან, რომლებთან ერთადაც ალკოჰოლის მიღებას და მის შეძენას, ბოცებით მიტანის ნაცვლად, ამიტომ თავი დაგვანებეთ, ჩვენ ასეთ კამპანიას ვატარებთ, რადგან ბანერების და ძვირადღირებული რეკლამების რესუსრსი არ გაგვაჩნია”, – თქვა მან.
ახალი რეგულაციით, 10 საათის შემდეგ თბილისში ბარების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა აიკრძალა. თუმცა, კანონით დაშვებულია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება. “გირჩი” სწორედ მსგავს ადგილებში მართავს შეხვედრებს ამომრჩეველთან.