“გირჩის” ცნობით, ბარში, სადაც წინასაარჩევო ყრილობას მართავდნენ, პოლიცია მივიდა და ისინი კანონდარღვევაში დაადანაშაულა

475

„გირჩის“ ინფორმაციით, ლესელიძის ქუჩის 28 ნომერში, „სახელოსნო ბარში“ წინასაარჩევნო ყრილობას მართავდნენ, რა დროსაც მათთან სამართალდამცველები მივიდნენ და კანონდარღვევაში დაადანაშაულეს. პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ  პოლიციელები ხელს უშლიან გირჩის წევრებს აგიტაციის ჩატარებაში.

“რამდენიმე კვირაა Sakhelosno BAR -ში ფუნქციონირებს გირჩის შტაბი. ამ წუთებში ჩვენს შტაბში შევარდნილი არიან თქვენი უწყების ფორმაში გამოწყობილი ხალხი და ხელს უშლიან გირჩის აქტივისტებს აგიტაციის ჩატარებაში.

იქნებ დაუყოვნელიბ გაარკვიოთ ვინ არიან ეს ხალხი? თუ თქვენი უწყების თანამშრომლები არიან, იქნებ სასწრაფოდ აუხსნათ, რომ მათ არ აქვთ უფლება ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ თვითმარქვიები არიან და ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, იქნებ დაგვეხმაროთ მათი იქიდან მშვიდობიანად გაყვანაში”, — წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქგვერდზე.

“გირჩის” პარტიული სიის მეხუთე ნომერმა, ჰერმან საბომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც ამ დროს ბარში ყოფნის მიზეზებს არკვევს. აქტივისტები მათ განუმარტავენ პარტიული შეკრების შესახებ. ეს შეკრება საბომ ფეისბუქგვერდზე რამდენიმე საათით ადრე დააანონსა.

ახალი რეგულაციით, 10 საათის შემდეგ თბილისში ბარების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა აიკრძალა. თუმცა, კანონით დაშვებულია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება. “გირჩი” სწორედ მსგავს ადგილებში მართავს შეხვედრებს ამომრჩეველთან.