მოპარული ხელფასი

2072

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

“ღირსეული შრომის პლატფორმამ” საქართველოში მოპარული ხელფასის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში შრომითი უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფორმასა და სახელმწიფოს მხრიდან ამის წინააღმდეგ ბრძოლის სუსტ მექანიზმებს აფასებს. ანგარიშის თანახმად, 3167 გამოკითხული დასაქმებულიდან 88%-ს მოპარული ხელფასის გამო კუთვნილი შრომის ანაზღაურება სახლში სრულად ვერ მიაქვს და თითოეულ დასაქმებულს წელიწადში საშუალოდ 8000 ლარს პარავენ.

ანგარიში ეფუძნება პლატფორმის მოპარული ხელფასის გამომთვლელის მონაცემებს, რომელიც ვებ-გვერდ shroma.ge-ზე 2020 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით 3167-მა დასაქმებულმა შეავსო. გამომთვლელის მონაცემების თანახმად, 2,789 დასაქმებული (მომხმარებელთა 88%) სამუშაო ადგილზე მინიმუმ ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა. მშრომელთათვის მოპარული ხელფასის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანი წლიურად 25,585,074 ლარს, ხოლო ერთ დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 8,079 ლარს უტოლდება.

ხელფასის მოპარვის ფორმები საქართველოში 

საქართველოში ხელფასის მოპარვის გავრცელებული ფორმებია: არასამუშაო საათებში შრომა, რომელიც არ ანაზღაურდება, ზეგანაკვეთური შრომა, რომელიც არ ანაზღაურდება, ასევე, ავადმყოფობის დროის არანაზღაურება, შვებულების არანაზღაურება, რესტორნისა და სასტუმროს სექტორში მომსახურე პერსონალისთვის კუთვნილი ჩაის (ე.წ თიფების) თანხის არგადახდა, მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისთვის (მოლარეები, კონსულტანტები და ა.შ) ხელფასის უკანონო დაქვითვა დაკარგული, ან ვადაგასული პროდუქციის გამო, სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, ხშირად სათანადო შრომითი ხელშეკრულების არარსებობის გამო, შრომის ანაზღაურების არასრული გადახდა, ან ბოლო ხელფასის არანაზღაურება.

ამ თემაზე ანგარიშის პრეზენტაცია და დისკუსია “ღია საზოგადოების ფონდში” გაიმართა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ხელფასის მოპარვის თემაზე კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, შრომის რა უფლებებს არღვევს დამსაქმებელი, რის გამოც ძალიან ბევრი დარღვევა ნორმალიზებულ პრაქტიკადაც კი მიიჩნევა.

“საშუალოდ, თითოეულ დასაქმებულს წელიწადში 8000 ლარს ჰპარავენ, რაც საკმაოდ საგანგაშო რიცხვია და ჩვენი რეკომენდაციები შეეხება იმას, თუ ამ სისტემურ პრობლემასთან საბრძოლველად სახელმწიფომ რა ეფექტური პოლიტიკა უნდა გაატაროს. ჩვენ თუ სახლიდან 8000 ლარს მოგვპარავდნენ ქურდები, ავტომატურად პოლიცია და პროკურატურა ჩაერთვებოდა ამ საქმის გამოძიებაში და, რადგან ეს შრომითი ურთიერთობებით არის შეფარული, სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ამ დანაკარგებზე”, – აცხადებს “ღირსეული შრომის პლატფორმის” კოორდინატორი ეთო გვრიტიშვილი, რომელმაც ვრცელი ანგარიში წარმოადგინა.

მისი თქმით, ხელფასის მოპარვის პრობლემა მოითხოვს პარლამენტის, სასამართლოს, შრომის ინსპექციის და სხვა ინსტიტუტების მხრიდან უფრო მჭიდრო შესწავლას და სასწრაფო ზომების მიღებას.

“ღირსეული შრომის პლატფორმა”, რომელმაც ანგარიში წარმოადგინა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი პროფკავშირების გაერთიანებას წარმოადგენს, რომლებიც წლების განმავლობაში დამოუკიდებლად, აქტიურად მუშაობდნენ შრომითი უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის მიმართულებით.

კითხვარი 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით 3167 დასაქმებულმა შეავსო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ, რადგან ეს თვითშევსებული კითხვარია და მისი სიზუსტე ვერ მოწმდება, შეიძლება, რეალური სურათი ბევრად უფრო მძიმე და საგანგაშო იყოს.

შრომა არასამუშაო საათებში

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოპარული ხელფასის ყველაზე გავრცელებული ფორმა არასამუშაო საათებში მუშაობაა, ეს არის სავალდებულო სამუშაო, რომელიც არ ითვლება სტანდარტული სამუშაო საათების ნაწილად და რომელიც არ ანაზღაურდება. ანგარიშის თანახმად, მომხმარებელთა დაახლოებით 75,5%-მა მიუთითა ასეთ ფორმაზე.

არასამუშაო საათებში შრომაა სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის ჩაცმა/გახდა. მაგალითად, მაღაროელს სპეციალური აღჭურვილობის ჩასაცმელად 40-50 წუთი სჭირდება და ხშირად ეს სამუშაო დროში არ ითვლება. ასევე, მაღარომდე მისვლას შეიძლება 40-60 წუთი დასჭირდეს და არც ეს დრო განიხილება სამუშაო დროდ.

ასევე, გავრცელებული ფორმაა სამსახურში ადრე მისვლა, ან გვიანობამდე დარჩენა აუცილებელი სამუშაო ფუნქციის შესასრულებლად. მაგალითად, შეიძლება დამსაქმებელმა მოლარე 30-60 წუთით ადრე დაიბაროს იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი მოამზადოს და ამ დროს სამუშაო დროდ არ უთვლიან. ასევე, ხშირია, როდესაც დასაქმებულს შესვენების დროს უწევს მუშაობა. არასამუშაო საათებში მუშაობად ითვლება შესვენების დროს მუშაობა; არასამუშაო დღეებში ტრენინგებზე დასწრება, ან სხვადასხვა სახის შეხვედრები. დაახლოებით 1090-მა დასაქმებულმა მიუთითა, რომ ასეთი მუშაობა უწევს და არ ანაზღაურდება.

ზეგანაკვეთური შრომა

კიდევ ერთ ყველაზე დიდ პრობლემად დასახელდა ზეგანაკვეთური შრომის არანაზღაურება, რომელიც, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ტარიფით და 85,6%-მა მიუთითა, რომ ანაზღაურება არ მიუღია.

ზეგანაკვეთური შრომა არის ნებისმიერი შრომა, რომელიც კვირაში ნორმირებულ სამუშაო საათზე მეტ დროს მოითხოვს. ეს არის სრულწლოვანი ადამიანისთვის კვირაში 40 საათზე მეტი, ან 48 საათი სპეციალური სამუშაო რეჟიმებისთვის. წესით, ანაზღაურება უნდა მოხდეს გაზრდილი ტარიფით, თუმცა, “შრომის კოდექსი” არ აკონკრეტებს, რა უნდა იყოს ეს გაზრდილი ტარიფი. თეორიულად, 1 თეთრიც რომ დაამატოს დამსაქმებელმა არსებულ ნორმირებულ ტარიფს, ეს იქნება კანონიერი, თუმცა, ამასაც არ აკეთებენ. დასაქმებულთა 88,3% მიუთითებს, რომ მათი შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ჩანაწერს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფთან დაკავშირებით.

ხელფასის უკანონო დაქვითვა 

კიდევ ერთი მიმართულება არის ხელფასის უკანონო დაქვითვა და ეს განსაკუთრებით მძიმედ დგას მომსახურების სექტორში. სულ 492 (15,5%) დასაქმებულმა აღნიშნა, რომ დასაბუთების გარეშე დაუქვითეს ხელფასი.

დაქვითვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო: დასჯა სამუშაო პროცესში დაშვებული შეცდომისთვის; შემდეგ მოდიოდა სამსახურში დაგვიანება, ან შესვენების შემდეგ დაგვიანება; დასჯა კომპანიის დანაწესის დარღვევისთვის, დაკარგული ინვენტარისთვის, სავარაუდო ქურდობისთვის.

მაგალითად, მაღაზიებში უქვითავენ თანმშრომლებს ხელფასს გაფუჭებული, დაკარგული პროდუქტების საფუძველზე, იმის მიუხედავად, მათი ბრალეულობა და პასუხისმგებლობა არსებობს თუ არა. იგივე სიტუაცია არის რესტორნებშიც. მაგალითად, თუ მომხმარებელი უკმაყოფილო იქნება, ავტომატურად ხელფასს ყველა თანამშრომელს უქვითავენ.

შვებულებისა და ავადმყოფობის დროის არანაზღაურება

კიდევ ერთი თემა, რაც გამოიკვეთა, ეს არის ანაზღაურებადი შვებულების არანაზღაურება. “შრომის კოდექსით”, წელიწადში 24 სამუშაო დღე ეკუთვნის ნებისმიერ დასაქმებულს, რომელიც 11 თვეზე მეტია მუშაობს იმ სამუშაო ადგილზე. მომხმარებელთა 56,7%-მა აღნიშნა, რომ ნაკლები ხანგრძლივობის შვებულება მიიღეს, ვიდრე ეკუთვნოდათ;

კიდევ ერთი მიმართულებაა ავადმყოფობის დროის არანაზღაურება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ დგას იმ დასაქმებულებისთვის, რომლებიც დღიურ ანაზღაურებას იღებენ. კანონმდებლობით, ნებისმიერმა პირმა, რომელიც სამედიცინო ფორმას წარუდგენს დამსაქმებელს, უნდა მიიღოს ის ანაზღაურება, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში ჰქონდა. თუმცა, პრაქტიკამ გამოავლინა, რომ ავადმყოფობის დროს დასაქმებულები ვერ ახერხებენ ანაზღაურების მიღებას.

“მაგალითად, როდესაც მოპარული ხელფასის ანგარიში დავდეთ, ერთ-ერთმა დასაქმებულმა მოგვწერა, რომ ზუსტად ასეთი პრობლემა ჰქონდა: კოვიდპანდემიის დროს ვერ მოახერხა დამსაქმებლისგან შვებულების აღება და საერთოდ სამუშაოს დატოვება მოუწია. ასეთი პრობლემები საკმაოდ ბევრია განსაკუთრებით ე.წ. არაფორმალურ სექტორებში. მომხმარებელთა 41%-მა აღნიშნა, რომ შვებულებით სარგებლობა არ აუნაზღაურდათ”, – ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა ეთო გვრიტიშვილმა.

გადაუხდელი ჩაის თანხა (tips)

სულ 281 მომხმარებელმა განაცხადა, რომ მათი დამსაქმებელი აგროვებს ჩაის თანხას. მათგან 184-მა თქვა, რომ ამ თანხიდან არაფერი არ მიუღიათ – 65,5%. ამ ჯგუფის საშუალო მომხმარებელი, კვირაში დაახლოებით 93 ლარს კარგავდა ჩაის თანხის სახით.

ხელფასის გადახდის გამოტოვება

სახელფასო დავალიანება, ანუ, ხელფასის გადახდის გამოტოვება – ეს არის ხელფასის მოპარვის ფორმა, როდესაც დამსაქმებლები საერთოდ არ უხდიან თანამშრომლებს  ერთი თვის, ან რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს ხელფასის მოპარვის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფორმაა, თუმცა, გასაოცრად გავრცელებულია. სულ 186 მომხმარებელმა განაცხადა, რომ დამსაქმებელმა არ გადაუხადა მინიმუმ ერთხელ.

427 მომხმარებლიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ აღარ მუშაობდნენ დამსაქმებელთან, 122-მა (28.6%) აღნიშნა, რომ მათ არ გადაუხადეს კუთვნილი ხელფასი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას.

შრომის ინსპექციის როლი

“ღირსეული შრომის პლატფორმის” კოორდინატორის, ეთო გვრიტიშვილის თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში ხელფასის მოპარვა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და შესაბამისად, დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის განზრახ მოპარვას მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, სახელმწიფოთა უმეტესობაში ხელფასის მოპარვისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული (პასუხისმგებლობა შრომითი უფლებების დარღვევისთვის), ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა (დასაქმებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება) განსაზღვრული.

“საქართველოში არსებულ რესურსებზე რომ ვისაუბროთ, რამდენიმე მიმართულებით გვაქვს. შედარებით ახალია შრომის ინსპექციის სამსახური, რომელსაც ამ მიმართულებით მანდატი 2021 წლის 1 იანვრიდან მიენიჭა და დაახლოებით წელიწადნახევრიანი პრაქტიკა აქვს. მანამდე შრომის უფლებებზე ზედამხედველობა არ შეეძლო, მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას ამოწმებდა.

2021 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ, შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიზნით, 327 ინსპექტირება განხორციელდა 249 ობიექტზე, სადაც ჯამში 1766 დარღვევა გამოვლინდა. აღნიშნული დარღვევებიდან კი, 357 დარღვევა (20%) სავარაუდოდ ხელფასის მოპარვის პრაქტიკას უკავშირდება. ეს არის დარღვევების 20%. სავარაუდოს ვამბობთ იმიტომ, რომ შრომის ინსპექცია, სამწუხაროდ, არ აწარმოებს ასეთ დეტალურ პრაქტიკას უშუალოდ ხელფასის მოპარვასთან მიმართებით და ჩვენ შრომის კოდექსის მუხლებიდან გამომდინარე გვიწევს მივხვდეთ, დაახლოებით ეს უკავშირდება ხელფასის მოპარვას თუ სხვა სახის შრომითი უფლებების დარღვევას. ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო ზეგანაკვეთური შრომისა და მისი ანაზღაურების წესების დარღვევა. რაც თანხვედრაში მოდის, როგორც ნახეთ, მათ შორის, გამომთვლელის მონაცემებთანაც”, – ამბობს გვრიტიშვილი.

პრობლემები ჯანდაცვის სფეროში

შრომის ინსპექციის მიერ 2021 წლის განმავლობაში შრომის უფლებების მიმართულებით ჩატარებული ინსპექტირებების ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ ხელფასის მოპარვის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ პირთა მიმართ არსებობს, სადაც დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისედაც უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს.

შრომის ინსპექციამ პანდემიის პროგრამაში ჩართული 110  კლინიკა შეამოწმა და 86 კლინიკაში (78%) ხელფასის მოპარვა დაფიქსირდა. გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს მიერ მიწოდებული, სამედიცინო პერსონალისთვის გამიზნული ე.წ კოვიდ დანამატი ან არ გაუციათ, ან დანაკლისით გასცეს. კოვიდ დანამატების გარდა, ზოგიერთ კლინიკაში თვეების განმავლობაში არ გაიცემოდა ძირითადი ხელფასიც.

ამ 86 კლინიკიდან მხოლოდ 3 კლინიკის მიმართ გამოიყენა შრომის ინსპექციამ ჯარიმა, როგორც პირველადი სანქცია. ერთ-ერთი ასეთი კლინიკა იყო რუსთავის სამშობიარო სახლი, სადაც აღმოჩნდა, რომ 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით ხელფასი 129 თანამშრომლიდან მხოლოდ  2 პირის მიმართ გაიცა და მოპარული ხელფასის საერთო ოდენობა  626 460 ლარს უტოლდება.

სოციალურ მუშაკთა მოპარული ხელფასი

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ჩატარებული გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 42-მა სოციალურმა მუშაკმა, გამოიკვეთა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ტრანსპორტირებისათვის ყოველთვიურად მხოლოდ 31% არ ხარჯავს არაფერს, 31% ხარჯავს მინიმუმ 20-დან 50 ლარამდე, 16% კი – 70-დან 100 ლარამდე.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ,წარმომადგენლის ქეთი ხუციშვილის თქმით,  2019 წელს, როდესაც სოციალურ მუშაკებს ჰქონდათ კოლექტიური 8-დღიანი გაფიცვა და დავა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალურმა მუშაკებმა ორგანიზებულად მოახერხეს თავიანთი პროტესტის დაფიქსირება და პრობელმა სწორედ მოპარულ ხელფასებს უკავშირდებოდა.

“ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან ჩემი კოლეგის მაგალითი მინდა მოგიყვეთ. მას ჰყავდა ბენეფიციარი შშმ პირი, ზრდასრული ადამიანი და ბოლო 3 თვის განმავლობაში მისთვის შშმ პირთა პანსიონში ჩასარიცხად აქტიურად ეძებდნენ ადგილს. მოშორებით, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გამოჩნდა ადგილი და ტრანსპორტირება გახდა საჭირო. ბენეფიციარის ტრანსპორტირებისთვის მან მიმართა თავის დამსაქმებელს, მაგრამ არ აღმოჩნდა თავისუფალი მანქანა და მუნიციპალიტეტში გადაამისამართეს. მუნიციპალიტეტის პასუხი იყო ის, რომ მანქანა ემსახურება მხოლოდ მერს და მერის მოადგილეს და ვერ მოცდებოდა ამ ადამიანის გადასაყვანად. ამასთან, ამას დაემატა ის, რომ ჯანმრთელობის სირთულეების გამო 7-საათიან გზაზე მნიშვნელოვანი იყო ექთნის ან პერსონალური ასისტენტის თანხლებაც და სოციალური სამსახურიდან არც ამგვარი ხარჯის დაფინანსება ხდება. სოციალურ მუშაკს მოუწია საკუთარი ჯიბით და საკუთარი ნათესავების შეწუხებით დაექირავებინა პერსონალური ასისტენტიც და მანქანაც, რომელიც ამ ადამიანს დანიშნულების ადგილამდე მიიყვანდა. სამწუხაროდ,  ეს არ არის ერთი შემთხვევა და მსგავს ფაქტებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვაწყდებით”, –  ამბობს ქეთი ხუციშვილი.

გარდა ტრანსპორტირებაზე მათ მიერ გაწეული ხარჯისა, სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, რომ ხშირად უწევთ საკუთარი სახსრებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საჭირო ხარჯების დაფარვა: “როცა შორ მანძილზე მივდივარ, ტაქსის თანხა ერთ ვიზიტზე შეიძლება 40-50 ლარი დამიჯდეს”,”ხშირად გადამიხდია არასრულწლოვნის სამგზავრო ბარათის ფული ბანკში”, “გადამიხდია არასრულწლოვნის კვების თანხა პოლიციაში გამოკითხვაზე ყოფნისას”, “ვყიდულობთ ქაღალდს, ფაილებსა და კონვერტებს საჭიროებისამებრ”, “ხშირად ვაგროვებთ ფულს გაჭირვებული ბენეფიციარების დასახმარებლად, რომ სწრაფად მივაწოდოთ დახმარება”, “სახელმწიფო პროგრამების სიმწირის და ზოგჯერ საერთოდ არარსებობის გამო ვფარავ ბენეფიციართა მკურნალობის და სხვა ხარჯებს თვეში 80 ლარამდე”.

“შრომის ინსპექციას მივმართეთ და დეტალურად ავუხსენით ჩვენი სპეციფიკა, მივუთითეთ კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, თუმცა, აღმოჩნდა ის, რომ მას არ უხელმძღვანელია ამ დარგობრივი კანონმდებლობით და მხოლოდ ზოგადი შრომის კანონით შეაფასა სოციალური მუშაკების შრომის პირობები და უფლებები, შესაბამისად, მთელი რიგი საკითხები, რაც ჩვენ გვაწუხებს, მათი ანგარიშის მიღმა დარჩა”, – ამბობს ხუციშვილი.

სასამართლოების როლი

“ღირსეული შრომის პლატფორმის” კოორდინატორის, ეთო გვრიტიშვილის თქმით, უცნობია, საქართველოში მოპარული ხელფასების შესახებ რამდენი სარჩელი შესულა სასამართლოებში, რადგან ამის სტატისტიკა არ არსებობს და ეს პრობლემაა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, საერთო სასამართლოები არ არის ეფექტური ხელფასის მოპარვის დავების განსახილველად. პირველი დაბრკოლება უკავშირდება იმას, რომ საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული; ასევე, პრობლემაა სამართალწარმოების ხანგრძლივობა, რომელიც შეიძლება 5-6 წელი გაგრძელდეს, თუ სამივე ინსტანციას მიმართავენ და 6 წლის შემდეგ შეიძლება დასაქმებულს საერთოდ აღარ ჰქონდეს ინტერესი ამ სახელფასო დავალიანებაზე დავას; მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება კი ისაა, რომ დასაქმებულებს ეშინიათ მათი დამსაქმებლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა, რადგან შეიძლება, ეს გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამიტომაც, ძირითადად, სასამართლოში მიდიან მაშინ, როდესაც მათი გათავისუფლება მოხდება და ერთიანად ითხოვენ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, ხელფასის დავალიანების ანაზღაურებას და ა.შ.”, – ამბობს გვრიტიშვილი.

რეკომენდაციები – რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ

“ღირსეული შრომის პლატფორმის” რეკომენდაციების ჩამონათვალი ასეთია: შრომის ინსპექციის სამსახურმა, დაინტერესებულ პირთა ჩართულობით, განსაზღვროს ის სექტორები და დასაქმების ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად გვხდება ხელფასის მოპარვის პრაქტიკა და პრიორიტეტულად განახორციელოს ამ დასაქმების ადგილებზე შრომითი უფლებების ინსპექტირება; აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია ხელფასის მოპარვის პრაქტიკის წინააღმდეგ, მათ შორის, საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდოს ინფორმაცია ხელფასის მოპარვის მიმართულებით შრომის ინსპექციის მიერ გამოვლენილი ხშირი დარღვევების შესახებ;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შექმნას ისეთი ტრიბუნალები, კომისიები, რომლის საშუალებითაც დასაქმებულები შეძლებენ, დროულად და ეფექტურად დაიბრუნონ მათი მოპარული ხელფასი;

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შრომის ანაზღაურების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, მათ შორის, განსაზღვროს ღირსეული მინიმალური ანაზღაურება და ზეგანაკვეთური სამუშაოს მინიმალური ანაზღაურების ტარიფი;

მეოთხე და მეხუთე რეკომენდაცია შეეხება პროკურატურას, რომელმაც სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს იმ საქმესთან მიმართებით, სადაც დგინდება სხვადასხვა ეკონომიკური დანაშაულის ნიშნები; ასევე, საერთო სასამართლომ და შრომითი ინსპექციის სამსახურმა აწარმოონ დეტალური სტატისტიკა მოპარულ ხელფასთან დაკავშირებით ისე, რომ მომავალში უკეთ დაგეგმონ სახელმწიფო პოლიტიკა.