შრომის ინსპექციის წარმომადგენელი: ობიექტების მიმართ, რომლებიც უარს განაცხადებენ რეგულაციების შესრულებაზე და არ დანერგავენ „მწვანე სტატუსის“ მქონე მოქალაქეების შეშვებას, გამოყენებული იქნება სანქცია

489

ობიექტების მიმართ, რომლებიც უარს განაცხადებენ რეგულაციების შესრულებაზე და არ დანერგავენ „მწვანე სტატუსის“ მქონე მოქალაქეების შეშვებას, გამოყენებული იქნება სანქცია – შრომის ინსპექცია უფლებამოსილია შეაჩეროს იმ ობიექტების საქმიანობა, რომლებიც უარს განაცხადებენ რეკომენდაციების შესრულებაზე, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია იქნება 2000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარი.

„მომხმარებლისთვის რამდენიმე მაჩვენებლით ხდება „მწვანე სტატუსის“ მინიჭება და როცა ერთ-ერთ მაჩვენებელს აკმაყოფილებს მოქალაქე, მას უკვე აქვს „მწვანე სტატუსი“. მაგალითად, როდესაც არის სრულად ვაქცინირებული, აქვს ვალიდური PCR ტესტი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული, ანტიგენ ტესტი 24 საათის განმავლობაში ჩატარებული და ასევე, აქვს გადატანილი კოვიდი. შესაბამისად, როდესაც აღნიშნული 4 კრიტერიუმიდან ერთს მაინც აკმაყოფილებს მოქალაქე, მაშინ მას აქვს „მწვანე სტატუსი“. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან „მწვანე ბარათისგან“, ეს არიან არასრულწლოვნები და ასევე, ობიექტზე დასაქმებულები – მათ არ აქვთ ვალდებულება „მწვანე სტატუსის“ ქონის.

რაც შეეხება აღსრულების ნაწილს – როგორც მოგეხსენებათ 322-ე დადგენილებაზე ზედამხედველობას ახორციელებს შრომის ინსპექცია სხვა ზედამხედველ ორგანოებთან ერთად. ეს ზედამხედველი ორგანოები არიან სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და მათთან ერთად ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგის პროცესს. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან შრომის ინსპექციის წევრები გასულები ობიექტებზე და ძირითადად დღეს სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმებებს ვახორციელებთ, რადგან სიახლეა აღნიშნული აპლიკაცია და კიდევ ერთხელ ადგილზე ვაწვდით ინფორმაციას ბიზნეს სუბიექტებს“, – განაცხადა მაია მიქაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

მანვე აღნიშნა, რომ დღის ბოლოს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების პროცესი დასრულდება, ცნობილი გახდება პირველადი მონაცემები, თუ როგორ მოახერხა ბიზნესმა რეგულაციის დანერგვა თავის ობიექტებზე.