პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვის ეკისრება ბათუმში, პარტიის მხარდამჭერების ხალხმრავალ შეკრებაზე პასუხისმგებლობა.
შეკითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა რეგულაციები დაცული, ვაშაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები დაცული უნდა ყოფილიყო, თუმცა, შეკრებაზე ბევრი ხალხი მივიდა.
„სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, 4 წელიწადი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის 1 200 000-მდე გაყარა ემიგრაციაში, უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს და მთელი საქართველოც გააჩერეს. რეგულაციების დაცვა აუცილებლად შეიძლებოდა და რას იზამ… ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რასაც არ ველოდით. რამე სხვა შეკითხვა გაქვთ სერიოზული? პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს, ბათუმში “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ძალა ერთობაშიასთან” ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.