თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის „მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ბაღების თანამშრომლების მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” მხარდაჭერის გამოხატვის თაობაზე სრული სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, გავრცელებულ მასალაში ნაჩვენები არცერთი პირი არ არის დასაქმებული თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში.
„ისინი არიან პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები, რომელთა ნაწილი, წლების წინ, ბაღის დირექტორის თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ არაერთი ფინანსური თუ სხვა სახის დარღვევის გამო.
“ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მხარდამჭერების მიერ საბავშვო ბაღების პედაგოგების სახელით გაკეთებული განცხადება არის მიზანმიმართული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც საბავშვო ბაღების, როგორც საგანმანათლებლო სისტემის დისკრედიტაციას და მის პოლიტიზებას ისახავს მიზნად.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღის ნებისმიერი თანამშრომელი თავისუფალია საკუთარ პოლიტიკურ ხედვასა და არჩევანში.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, რომ საბავშვო ბაღების სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებთან გადამოწმების შემდეგ”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია მთავარის ცნობით, პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან. ამის შესახებ, მათ განცხადება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გააკეთეს.
“31 ოქტომბერს მხარს ვუჭერთ გაერთიანებულ ოპოზიციას და მიხეილ სააკაშვილს, რადგან ვფიქრობთ, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ ასახავს პედაგოგების დაფასებას და ჩვენ ვენდობით გუნდს, რომელსაც ერთხელ უკვე ჰქონდა გამოცდილება და გვჯერა, რომ ეს გუნდი, მომავალშიც დააფასებს პედაგოგის საქმიანობას”, – განაცხაა ინგა გუგავამ, განათლების პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.