მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს სასმელი წყლის შიდა სამუშაოების მოწობა დასრულდა. პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, რამდენიმე კვირაა, რაც დასრულდა. როგორც 15 ოქტომბერს, მარნეულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი, სოფელში არსებული წყალმომარაგების სისტემა ექსპლუატაციის მიზნით შპს „სოფწყალს“ გადაეცემა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„ეს საკმაოდ დიდი პროექტი იყო. მოგეხსენებათ, კიაჩმუღანლოს წლების განმავლობაში არ ჰქონდა სასმელი წყლი. მოეწყო ორი რეზერვუარი. თვითონ მშენებლობა საკმაოდ გაიწელა. ეს არის რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტი , რომელიც დაიწყო 2019 წელს დასრულდა უკვე. ჩავიბარეთ, დავტესტეთ, მუშაობს ნორმალურად და გვინდა ექსპლუატაციაში გადავცეთ მარნეულის „სოფწყალს,“ – თქვა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2018 წლის ოქტომბერში სოფელ კირეჩ მუღანლოში წყლის მილების გასაყვანად 704 787 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც სოფელში 420 ტონიანი წყალსაცავი აშენდება დაიგეგმა.
საკრებულოს სხდომაზე დღეს სულ 3 საკითხი განიხილეს. მათ შორის სოფელ საიმერლოში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის 2000 ლარით დახმარების გაწევის საკითხი. ასევე, საუბარი შეეხო 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ადგილობრივი სახსრების ფარგლებში. სამივე საკითხზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილებ მიიღეს.