ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ეზოში, მერიის ერთ–ერთი სამსახურის თანამშრომელმა, პურ-მარილი მიიტანა და უთხრა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა „იკისრა“. იურისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
რვაკაციანი სუფრა ასპინძის ქუჩაზე, ერთ-ერთ უბანში 11 ოქტომბერს, საღამოს გაიშალა. ადგილობრივის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა „პატარა სუფრა იკისრა“, თან დააყოლა, რომ ეს „კოპაძემ და ობოლაშვილმა გამოუგზავნათ“.
„ფული მისცეს [გულისხმობს მერიის თანამშრომელს] რომ მოხუც კაცებს პატივი ეცითო, ალბათ უნდოდა, რომ წარდგენაზე [ანტონ ობოლაშვილი] ხალხი წაეყვანა. ქეიფის დროს არაფერი უთქვამს, მაგრამ მანამდე თქვა „ოცნებამ“ გამოგიგზავნათო“ – ამბობს ადგილობრივი, რომელიც სუფრაზე იმყოფებოდა.
„სამხრეთის კარიბჭე“ იმავე სუფრაზე მყოფ კიდევ რამდენიმე პირს ესაუბრა, გვითხრეს, რომ იქეიფეს, თუმცა, ვინ მიიტანა ეზოში პურ-მარილი არ იციან: „გაშლილი იყო სუფრა მე რომ მივედი. ერთხელ კი თქვა კაცმა ჩემმა უფროსმა გამოგიგზავნათო, მაგრამ არ ჩავძიებივარ. არ მაინტერესებდა“.
თავად მერიის ერთ–ერთი სამსახურის თანამშრომელი აღნიშნულ ფაქტს სხვაგვარად ჰყვება, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს და მაჟორიტარ კანდიდატს პურმარილის “კისრება” თავად ადგილობრივებმა სთხოვეს.
„პატივი სცეს მოხუცებს, იცნობენ, ძმაკაცობენ. ამათმა უთხრეს იკისრეთო და იმათაც იკისრეს. რა ამომრჩევლის მოსყიდვა, ყველი, პური, კიტრი და პომიდორი იყო. ღვინო ადგილობრივებმა მოიტანეს. ამ უბანში პურ–მარილი ყოველთვის იშლება,“ – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მერიის ერთ–ერთი სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც საჭმელი მიიტანა.
ადგილობრივებთან პურ–მარილის მიტანის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს გიორგი კოპაძემ და ანტონ ობოლაშვილმა.
„რაებზე მირეკავთ, ესეთ ამბებზე შეიძლება რომ შემაწუხოთ? მეორედ აღარ დამირეკოთ, კარგად ბრძანდებოდეთ“ – გვითხრა კოპაძემ და ტელეფონი გათიშა.
„პირველად მესმის, რა პურმარილი, ჩემი წარდგენა იყო და მაგისთვის არ მეცალა. საქმის კურსში არ ვარ, ეს აბსურდია, მსგავს დავალებებს არ ვიძლევი“ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია – საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” იურისტის, ლელა ტალიურის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ, რათა დადგინდეს, იყო თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა.
„წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედება არამხოლოდ კანდიდატს და პარტიას ეკრძალება, არამედ ნებისმიერ პირს კანდიდატის, ან პარტიის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში გამოძიების შესწავლის საგანია და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მოსყიდვის დადგენის შემთხვევაში ფაქტი ისჯება როგორც სისხლის სამართლის ასევე საარჩევნო კოდექსით“, – განმარტავს ლელა ტალიური.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი, გიგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს, სასჯელის ზომის დასადგენად კი უნდა გაირკვეს, რამდენი ლარის პროდუქტი მიიტანეს ადგილობრივებთან.
„ყველა შემთხვევაში მოსყიდვის ნიშნებია, საკმაოდ ფართო განმარტება აქვს მოსყიდვას. როდესაც ამბობენ რომ „კანდიდატებს“, ამას საარჩევნო მიზანი აქვს ყველა შემთხვევაში. პირველი ზედაპირული მოსმენითაც საფუძლვიან ეჭვს აჩენს. გამოძიებამ უფრო მეტი დეტალი უნდა დაადგინოს“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, გიგი ჩიხლაძე.
საარჩევნო კოდექსი 47-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტს აღნიშნული ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით რეგისტრაცია უუქმდება.