“ნაცმოძრაობა”: ზუგდიდში გადასატანი ყუთის სიებში ჯანმრთელი ადამიანები ხვდებიან

365

შემდეგი სტატია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის საოლქო კომისიისგან გადასატანი ყუთების სიების გადამოწმებას ითხოვს. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, აღნიშნული სიები ისეთი ადამიანებით დაკომპლექტდა, რომლებსაც ჯანმრთელობისა და გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. 

გარდა ამისა, მისივე მტკიცებით კომისიის თავმჯდომარეები სიებს “ქართული ოცნების” აქტივისტებით აკომპლექტებენ. ასევე, ის ამბობს, რომ ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი პირის მონაცემებია შეტანილი.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი ყუთის სიაში შეიძლება მოხვდეს ადამიანი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა, რომელიც ფიზიკურად ვერ გადაადგილდება. ასევე, ამავე კოდექსით საუბნო კომისია ვალდებულია გადაამოწმოს არიან თუ არა ნამდვილად ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში. “ქართული ოცნების” პერიოდში გადასატან ყუთებში ხვდებიან ადამიანები, რომლებიც არიან ჯანმრთელები, ესენი არიან “ოცნების” აქტივისტები და ამ პირების ჩაწერა კოორდინატორების მიერ ხდება. ეს არის როგორც საუბნო კომისიების პასუხისმგებლობა, ისე რა თქმა უნდა საოლქოსიც. დღეს გავასაჯაროვეთ ვიდეო მტკიცებულება და გადმოგცემთ სიას, იმ ადამიანების ვინც მოხვდა ამ გზით გადასატან ყუთში და შეგიძლიათ გადაამოწმოთ”, – თქვა წითლიძემ.

მისივე ცნობით, სიაში, რომელიც მან ჟურნალისტებს წარუდგინა 7 უბნის გადასატანი სიების მონაცემებია ასახული.