„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, ყველა პირი, მათ შორის პედაგოგები, რომლებსაც „ქართული ოცნებისადმი“ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ხელისუფლების მხრიდან წნეხსა და ზეწოლას განიცდიან.
მისივე თქმით, სკოლაში პოლიტიკის ადგილი არ არის.
“ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კვლავ განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების დაშინების, მუქარისა და სამსახურიდან კვალიფიციური კადრის გათავისუფლების გზა აირჩია. ყველა პირი, რომელსაც აქვს „ქართული ოცნებისადმი“ ობიექტურად ნეგატიური დამოკიდებულება, არ არის ჩართული მათ პარტიულ აქტივობებში და აქვს განსხვავებული პოლიტიკური არჩევანი დღეს განიცდის წნეხსა და ზეწოლას.
ია კერზაიას გარდაცვალება მათთვის არ აღმოჩნდა საკმარისი და გუშინ კიდევ ერთი ადამიანის ჯანმრთელობა დადგა საფრთხის ქვეშ, რომლის ოჯახის წევრიც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრია. აშკარაა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და ამ უსამართლობამ შეარყია მისი ჯანმრთელობა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მის მიერ მართულ სუს-სა და მარიონეტ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სკოლაში პოლიტიკის ადგილი არ არის! ეს ადამიანები, მიუხედავად ხელისუფლებისგან მიტოვებისა, ღირსეულად ემსახურებიან ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს – მომავალი თაობის აღზრდას და მათზე მუქარა და ზეწოლა არ დარჩება რეაგირების გარეშე! ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მათ ღირსებასა და უფლებებს!
31 ოქტომბრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სკოლების დეპოლიტიზება და ავტონომიური მართვის გაძლიერება იქნება”, – განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.