რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

886

ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან 4 რუსთავში დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის“ გახდა ცნობილი, ,,კოვიდ 19“ რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს დაუდასტურდა. საკრებულოში აცხადებენ, რომ ინფიცირებულს ბოლო 6 დღის განმავლობაში სხვა დეპუტატებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ამასთან, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 4 დასტურებული შემთხვევიდან, 2 მომღერალთა გუნდ “თუთარჩელას“ კლასტერს მიეკუთვნება.

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით. 29 აგვისტოდან დღემდე რუსთავში კრონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100-ს გადაჭარბა.

13 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 329, გარდაიცვალა – 9 პაციენტი.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის სულ 12 841 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 6 867ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით სულ 102 გარდაიცვალა.